გოგი წულაია დააკავეს
ამობეჭდვა · 01 / 04 / 2020 17:40
გოგი წულაია დააკავეს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პატრულმა დააკავა.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, მას ადმინისტრაციული პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება.

ქუთაისის მერიის წინ ბრიფინგის მიმდინარეობის დროს პატრულის თანამშრომელმა გოგი წულაიას პირადობის მოწმობა მოსთხოვა, რაზეც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ უპასუხა, რომ მანქანაში ჰქონდა.

ამასთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა წულაიას განუმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს პროტესტის უფლება არ ჰქონდა. ამის შემდეგ წულაიამ სამართალდამცველებს მიმართა სიტყვებით – „დედას გიტირებთ“.

დღევანდელ ბრიფინგზე პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე სავალუტო ჯიხურების დროებით დახურვას აპროტესტებდა.