პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად განხორციელებულ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2020 11:40
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად განხორციელებულ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ზ.ბ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 4 ივლისს, ქ. თბილისში, აეროპორტის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე, ქურდობისთვის ნასამართლევი ზ.ბ. თანამზრახველთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა ირანის მოქალაქეს ყ.ჯ.-ს. თავდამსხმელებმა დანის გამოყენების მუქარით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, დაზარალებულს 1200 ლარად ღირებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და თანხა გასტაცეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ზ.ბ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქარველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად; არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ბ დამნაშავედ ცნო წარდგენილი ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.