პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, კლინიკაში გადაიყვანენ
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2020 13:42
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, კლინიკაში გადაიყვანენ

პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.


მოქალაქეებს ტემპერატურას ქალაქებთან მოწყობილ სპეციალურ ბლოკ-საგუშაგოზე უზომავენ.

„თუ ავტომობილის მგზავრს ან მგზავრებს, რომლებიც ქალაქებს შორის გადაადგილდებიან და ქალაქის შესასვლელში განთავსებულ ბლოკ-პოსტზე თერმოსკრინინგისას ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, ანამნეზის შეფასების შემდეგ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ, სადაც ჩაუტარდებათ ტესტირება“, - აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება ავტომობილის იმ მგზავრებს, რომლებსაც ტემპერატურა არ ექნებათ, უწყების თქმით, ისინი დროებით, ტესტის პასუხებამდე, იზოლაციაში იქნებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, 37.5 და ზევით ტემპერატურა, მედიკოსებისთვის უკვე განგაშის სიგნალია, მოქალაქე კვლევისთვის კლინიკაში გადაიყვანონ.

შეგახსენებთ, რომ ბლოკ-პოსტები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ახალციხეში, თელავში, ფოთსა და გორშია განთავსებული, მოქალაქეებს კი ქალაქიდან ქალაქში გამგზავრება მხოლოდ მანქანით, 06:00-დან 21:00 საათის პერიოდში და იმ პირობით შეუძლიათ, თუკი ავტომანქანაში მგზავრთა რაოდენობა 3 პირს არ აღემატება, მათ შორის ორი კი უკანა სავარძელზე განთავსდება.