ნინო ლომჯარია - იუსტიციის მინისტრმა რეკომენდაციების განხილვის ნაცვლად, პარლამენტში ომბუდსმენის, მისი აპარატისა და პრევენციის მექანიზმის ფუნქციის დისკრედიტაცია სცადა
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2020 19:06
ნინო ლომჯარია - იუსტიციის მინისტრმა რეკომენდაციების განხილვის ნაცვლად, პარლამენტში ომბუდსმენის, მისი აპარატისა და პრევენციის მექანიზმის ფუნქციის დისკრედიტაცია სცადა

საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მდგომარეობის თაობაზე 2019 წლის ანგარიშში ომბუდსმენ ნინო ლომჯარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზეც არის საუბარი.

კომიტეტის ფარგლებში, წულუკიანსა და ლომჯარიას შორის კამათი მიმდინარე წლის 21 იანვარს მოხდა, სადაც აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გახდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული წლების მსგავსად, წელსაც გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს დაბრკოლებები ექმნებოდათ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების წვდომის თვალსაზრისით.

„2019 წლის განმავლობაში, არასათანადო მოპყრობის პრევენციის/გამოძიების ან პატიმართა უფლებების შესახებ, 10 სპეციალური ანგარიში მომზადდა.
2020 წლის 21 იანვარს, სახალხო დამცველმა პარლამენტის წევრებსა და საზოგადოებას პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2019 წლის ზაფხულში No2, No8, No14 და No15 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გააცნო.

ზემოაღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა პენიტენციალურ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობის მასშტაბები. საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიგნებები მსგავსია და ეხმიანება წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშს. 2020 წლის 21 იანვარს, სახალხო დამცველის მოხსენების საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრმა, პრობლემების მოგვარების მიზნით წარმოდგენილი რეკომენდაციების განხილვის ნაცვლად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის, მისი აპარატისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციის დისკრედიტაცია სცადა.

ასევე, მინისტრმა სხდომაზე კანონმდებლობის უხეში დარღვევით აჩვენა სახალხო დამცველის რწმუნებულის პატიმართან საკანში კონფიდენციალური შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. „სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის თანახმად, დაუშვებელია სახალხო დამცველის რწმუნებულისა და პატიმრის შეხვედრის რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი.

დამატებით, მაიდენტიფიცირებელი ვიდეოკადრების გასაჯაროება არღვევს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის ძირითადი მიგნებები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა არ გაიზიარა და არც ზემოაღნიშნული დარღვევების შესახებ მსჯელობა ყოფილა წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნაში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ზემოაღნიშნული მოვლენებიდან რამდენიმე დღეში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის/იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველის საქმიანობაში ხელშეშლას.

„კერძოდ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, პენიტენციურ დაწესებულებაში კონკრეტულ პატიმრებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ვიზიტის დასრულებისთანავე გაასაჯაროვეს. აღნიშნულით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა/იუსტიციის სამინისტრომ უხეშად დაარღვიეს “სახალხო დამცველის შესახებ” კანონის მე-19 მუხლი, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველის შეხვედრა პატიმართან კონფიდენციალურია და რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია. ეს დებულება ადგენს იმას, რომ სახალხო დამცველის ნებისმიერი შეხვედრა პატიმრებთან უნდა იყოს კონფიდენციალური, სანამ სახალხო დამცველი არ მიიღებს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. იგივე მოთხოვნა არის დადგენილი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატიური ოქმის 21-ე მუხლის მიხედვით, სადაც აღნიშნულია, რომ პირადი მონაცემები არ უნდა გამოქვეყნდეს დაინტერესებული მხარის მკაფიო თანხმობის გარეშე.

საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი ცალსახად ადგენს, რომ სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა კანონით ისჯება. საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობა, ეფუძნება ისეთ უმნიშვნელოვანეს და ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა სრული დამოუკიდებლობა ხელისუფლების ნებისმიერი შტოსგან, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საქმიანობის განხორციელების დროს კონფიდენციალურობა. იმ საკითხის გასაჯაროება, თუ ვის ხვდება სახალხო დამცველი, ზრდის პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან/და უკანონო ქმედების ჩადენის რისკს და იწვევს მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებას. მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროებამ, პატიმრები, შესაძლოა, აიძულოს, თავი შეიკავონ სამომავლოდ სახალხო დამცველისთვის მომართვისა და შეხვედრისგან.

იმ პატიმრების სახელების და გვარების გასაჯაროება, რომლებიც ხვდებიან სახალხო დამცველს ან/და მის რწმუნებულს, მის ძირითად საქმიანობაზე ზემოქმედების მცდელობაა და აუცილებელია შესაბამისი გამოძიების დაწყება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რომელიც დასჯად ქმედებად აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველზე ნებისმიერი ფორმით ზემოქმედებას მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, სახალხო დამცველი ანგარიშში აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, სახალხო დამცველის მიმართვა გენერალური პროკურატურის მიმართ, მის საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების თაობაზე, გაზიარებული არ ყოფილა.

„გენერალური პროკურატურიდან გვეცნობა, რომ სახალხო დამცველის მსჯავრდებულებთან შეხვედრის ფაქტის საიდუმლოების გამჟღავნება არ იყო მსჯავრდებულსა და სახალხო დამცველს შორის კონფიდენციალურობის დარღვევა და, შესაბამისად, არ არსებობდა გამოძიების დაწყების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულ ფაქტებთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლის მსგავსად, წელსაც გაგრძელდა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან სახალხო დამცველის აპარატისადმი სხვადასხვა მონაცემების მიუწოდებლობის პრაქტიკა. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს არ მოუწოდებია სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში უწყების მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე გამოთხოვილი ინფორმაცია“, – ნათქვამია დოკუმენტში.