გია ჟორჟოლიანი შემოსავალდაკარგული ადამიანებისთვის ფინანსების მობილიზების წინადადებით გამოდის
ამობეჭდვა · 03 / 04 / 2020 11:37
გია ჟორჟოლიანი შემოსავალდაკარგული ადამიანებისთვის ფინანსების მობილიზების წინადადებით გამოდის

„შემოსავლებდაკარგული ადამიანების გადასარჩენად, აუცილებელი ფინანსების მობილიზებას გულისხმობს ჩვენი წინადადება, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს- შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანები განახორციელებენ შემდეგ შენატანებს: 3 ათასი ლარიდან-დან 6 ათას ლარამდე შემოსავლის 20%-ს, 6 ათასი ლარიდან 8 ათასამდე - 30%-ს, ხოლო 8000 ლარის ზემოთ - 40%-ს. ეს გადასახადი შემოღებულ უნდა იქნას დროებით  - 1 წლის ვადით მთავრობის მიერ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ამ სოლიდარულ აქციას მხარს დაუჭერს.

„ჩვენი წინადადება სოლიდარობის საყოველთაო ფონდის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა 24 მარტს, გულისხმობდა საყოველთაო სავალდებულო შენატანის შემოღებას და ამ საშუალებით სპეციალური სახსრების მობილიზებას სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს სახსრები მთავრობის მიერ გამოყენებული იქნებოდა იმ ადამიანთა დასახმარებლად, რომელთაც პანდემიის პირობებში სრულად დაკარგეს შემოსავლები და პრაქტიკულად საარსებო წყარო. რაც შეეხება ნებაყოფლობით საქველმოქმედო შენატანებს, რა წინადადებითაც გამოვიდა პარტია „ქართული ოცნება“ 2 აპრილს -  ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია ჩვენი ინიციატივისა. რა თქმა უნდა, ჩვენ ქველმოქმედების წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ აბსოლუტურად არასერიოზულია, სახელმწიფომ და მთავრობამ პოლიტიკა განსაზღვროს და განახორციელოს კერძო ინიციატივების იმედად და ცალკეული პარტიების ტაქტიკური თუ საარჩევნოდ განსაზღვრული ნაბიჯების გათვალისწინებით.

1 აპრილს მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება არსებული ბიუჯეტიდან ოპტიმიზაციისა და მომჭირნეობის საშუალებით 2 მილიარდი ლარის გამოყოფის შესახებ ეკონომიკის და სოციალური სფეროს მხარდასაჭერად. დამატებით გამოიყოფა 351 მილიონი ლარი უშუალოდ ჯანდაცვის სფეროსთვის. ამავე დროს, პრემიერმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება 3 მილიარდი ლარით. არ არის გამორიცხული და სავარაუდოა საბიუჯეტო შემოსავლების კიდევ უფრო მეტი კლება და ხარჯების კიდევ უფრო მეტი ზრდა.

აშკარაა, რომ ამ ზარალის დაბალანსებას და ჩვენს მოქალაქეთათვის აუცილებელი სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უზრუნველყოფას არ ეყოფა მხოლოდ ის სახსრები, რომლებიც შეგვიძლია, მოვიზიდოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და უცხოელი დონორებისგან. სოციალური და ეკონომიკური რთული მდგომარეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მძიმდება და უახლესი 6-8  თვის (ან 1 წლის) განმავლობაში რეცესია და ეკონომიკის უპრეცენდენტო ვარდნაა პროგნოზირებული.

ამ საგანგაშო და ურთულეს ვითარებაში სრულად უნდა იქნეს ამოქმედებული ყველა მოაზრებადი შიდა რესურსი მთავრობის მიერ ადამიანთა გადასარჩენად. ჩვენ სრულად ვიაზრებთ პრემიერის მიერ გახმოვანებულ პოზიციას: სრული პასუხისმგებლობა კრიზისის დაძლევაზე, მოქალაქეთა გადარჩენაზე და ეკონომიკის პოტენციალის შენარჩუნებასა და მომავალ განვითარებაზე ეკისრება მთავრობას. შესაბამისად, სწორედ მთავრობისა და სახელმწიფოს ვალდებულებაა ყველა მოაზრებადი რესურსის (ფინანსური და არაფინანსური) მობილიზება ამ ამოცანების გადასაჭრელად.

სწორედ აუცილებელი ფინანსების მობილიზებას შემოსავლებდაკარგული ადამიანების გადასარჩენად გულისხმობს ჩვენი წინადადება, რომელიც უზრუნველყოფს სერიოზული თანხების მობილიზებას, წელიწადში დაახლოებით 700-800 მილიონი ლარის ოდენობით. ასეთი თანხა მოგროვდება თუ შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანები განახორციელებენ შემდეგ შენატანებს: 3 ათასი ლარიდან-დან 6 ათას ლარამდე შემოსავლის 20%-ს, 6 ათასი ლარიდან 8 ათასამდე - 30%-ს, ხოლო 8000 ლარის ზემოთ - 40%-ს. ეს გადასახადი შემოღებულ უნდა იქნას დროებით - 1 წლის ვადით მთავრობის მიერ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს დაუჭერს ამ სოლიდარულ აქციას.

მთავრობა ამ დრომდე ეფექტურად და კომპეტენტურად მოქმედებდა, დადგა დრო უფრო თამამი და პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმისა“,- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.