განშორების შემდეგ 21 დღის ჩვილი დედას ექიმებმა მარნეულის ბლოკპოსტთან გადასცეს
ამობეჭდვა · 05 / 04 / 2020 19:08
განშორების შემდეგ 21 დღის ჩვილი დედას ექიმებმა მარნეულის ბლოკპოსტთან გადასცეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში მცხოვრებ, კონულ იუსუბოვასა და ასიფ გარაევის ოჯახს 7-წლიანი ლოდინის შემდეგ შვილი კარანტინის გამოცხადებამდე შეეძინათ.

ორსულ ქალს ქვეყანაში, საგანგებო ვითარების გამოცხადებამდე 12 მარტს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და თბილისში კლინიკა „ჰერაში“ დღენაკლული ბავშვი გააჩინა. ჩვილს ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სამშობიაროში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, დედაზე მეტხანს მოუწია.

ბავშვის გამოწერის შემდეგ, მკაცრი საკარანტინე წესებიდან გამომდინარე, ოჯახს ჩვილი, თბილისიდან მარნეულში ვერ მიყავდა. თუმცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით, სამშობიაროს ექიმებმა, დედას შვილი მარნეულის მთავარ ბლოკპოსტთან მიუყვანეს.


კონულ იუსუბოვას თქმით, ბავშვი ამ ეტაპზე არის ჯანმრთელი. ის ბიჭია და ასიფი დაარქვეს. ახალგაზრდა დედა გვიყვება ამბავს, რაც ამ დღეებში გადაიტანეს.


„39 კვირის ორსული ვიყავი, როდესაც ტკივილები დამეწყო, ეს 12 მარტს მოხდა. შემდეგ თბილისში სამშობიარო „ჰერაში“ გადამიყვანეს, როდესაც ბავშვი დაიბადა, მას თავში ჰემატომა აღმოაჩნდა. ძალიან ვინერვიულე, აუცილებელი გახდა, რომ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყო. 5 დღე მასთან ერთად გავჩერდი სამშობიაროში. შემდეგ კი სახლში დავბრუნდი.

ჩემი პატარა 21 დღე იყო კლინიკაში, ეს 21 დღე ჩვენი ოჯახისთვის დაუსრულებელი აღმოჩნდა. ამასობაში კარანტინი გამოცხადდა და გზა ჩაიკეტა, ბავშვი სახლში ვეღარ მოგვყავდა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება დაგვეხმარა და ჩვენი პატარა ბიჭი უკვე სახლშია. აქამდე ოჯახში ოთხი ვიყავით, ახლა კი მეხუთე ოჯახის წევრი თავისი თავგადასავლებით შემოგვემატა“, – ამბობს ახალშობილის დედა კონულ იუსუბოვა.

წყარო:primetime.ge