თბილისიდან ათენში გაფრენამდე თვითმფრინავის ბორტზე პარაკლისი შესრულდა
ამობეჭდვა · 07 / 04 / 2020 15:45
თბილისიდან ათენში გაფრენამდე თვითმფრინავის ბორტზე პარაკლისი შესრულდა

პატრიარქის მიერ „ჯორჯიან ეარვეისის“ სახელზე ნაკურთხი და კომპანიისათვის ნაჩუქარი ხატი აბრძანდა ჩვენს ბოინგ 737-800 ბორტზე, - ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი რომან ბოკერია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და ვიდეოსაც აქვეყნებს.

ვიდეოში ნაჩვენებია, რომ თბილისი - ათენი - თბილისის მიმართულებით ავიარეისის შესრულებამდე ბოინგზე პარაკლისიც შესრულდა.

„ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ჩემო დებო და ძმებო! დღეს, 7 აპრილს, ხარება დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ „ჯორჯიან ეარვეისის“ სახელზე კურთხეული და კომპანიისათვის ნაჩუქარი ხატი აბრძანდა ჩვენს ბოინგ 737-800 ბორტზე. პატრიარქის ნაჩუქარი ხატი დღეს დილით 9:00 საათზე სპეცრეისით გაფრინდა თბილისი - ათენი - თბილისის მიმართულებით და დაიცავს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიან დაბრუნებას სამშობლოში. ეს ხატი იქნება ყველა სპეც რეისზე, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას სამშობლოში“, - წერს რომან ბოკერია.

მთავრობა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. დღეს შესრულდება რეისი ათენი-თბილისის მიმართულებით, 10 აპრილს ლარნაკა-თბილისი მიმართულებით, 12 აპრილს, თბილისი-ბერნილი-თბილისის მიმართულებით. ეს ის რეისებია, რომელიც უკვე დაანონსებული იყო და რომლებზეც ბილეთების გაყიდვა ორი დღით ადრე დაიწყება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით დაგეგმილია ფრენები ასევე: 14 აპრილი თბილისი-ამსტერდამი-თბილისი, 16 აპრილი – თბილისი-პარიზი-თბილისი, 18 აპრილი – თბილისი-თელავივი-თბილისი, 21 აპრილი – თბილისი-რომი-თბილისი, 24 აპრილი – თბილისი-ბარსელონა-თბილისი, 27 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი.

ავიარეისებს, სახელმწიფოს ხელშეწყობით, „ჯორჯიან ეარვეისი“ ასრულებს. ამ დროისთვის საქართველოში უკვე 5 000-მდე მოქალაქე დაბრუნდა.