ვახტანგ ლომჯარია - ცხოველიდან ადამიანზე კორონავირუსის გადადების ფაქტი არ დადასტურებულა
ამობეჭდვა · 11 / 04 / 2020 16:10
ვახტანგ ლომჯარია - ცხოველიდან ადამიანზე კორონავირუსის გადადების ფაქტი არ დადასტურებულა

აქამდე არ დადასტურებულა ცხოველიდან ადამიანზე კორონავირუსის გადადების ფაქტი, მაგრამ დადასტურებულა პირიქით, ადამიანიდან ცხოველზე გადადების ფაქტი, - ამის შესახებ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიას განცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალურ თავშესაფარში დაკარგულის მქონე სტატუსის ცხოველთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირებულია.

„აჟიოტაჟია ატეხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება ცხოველების სახლიდან გამოგდება, თუმცა სტატისტიკა, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, ამის საწინააღმდეგოზე მეტყველებს. გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, პირიქით, შემცირებულია დაკარგული ცხოველის სტატუსით შემოსულთა რაოდენობა, დაახლოებით 17%-ით. ის ფაქტი, რომ ადამიანები ქუჩაში უფრო ნაკლები არიან ვიდრე ადრე იყვნენ და ძაღლები იგივე რაოდენობით, გარკვეულწილად ქმნის ილუზიას, რომ ძაღლები უფრო მეტია, მაგრამ სინამდვილეში, დაახლოებით იგივე რაოდენობაა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მან ასევე განაცხადა, რომ რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისში ქუჩის ძაღლებს საკვებთან პრობლემა არ აქვთ.

„რეგიონებში, უღელტეხილებზე ძალიან ხშირად გვხვდებიან ძაღლები, რომლებიც საკვების ნაკლებობის პრობლემას განიცდიან, თუმცა თბილისში აქამდე ამის პრობლემა არასოდეს არ გვქონია. თუმცა, კონკრეტული ცხოველების კონკრეტული ადამიანებისგან გამოკვების სისტემა დაირღვა. ადამიანები, რომლებიც სამსახურში მიდიოდნენ და იქ უვლიდნენ ცხოველებს, ახლა კი დისტანციურ მუშაობაზე არიან გადასული, ამას ვეღარ ახერხებენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ძაღლები სხვა რამით არ იკვებებიან. იმისათვის, რომ ჩვენ თავი დავიზღვიოთ, ინიციატივაში შემოგვიერთდა კერძო სექტორიც და 5 ტონა საკვები გადმოგვცეს, რომლის დარიგებაც უკვე დაწყებულია. მსურველები რეგისტრირდებიან, გვირეკავენ, გვწერენ და ვინც სურვილი გამოიჩინა, ყველას ვეხმარებით“, - განაცხადა ლომჯარიამ.

imedinews.ge