ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 200 მლნ ევროს გამოუყოფს
ამობეჭდვა · 15 / 04 / 2020 20:29
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 200 მლნ ევროს გამოუყოფს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ლილიანა პავლოვასთან გამართული ვიდეოკონფერენციისას EIB-ის ფინანსური მხარდაჭერის და საქართველოში ოპერაციების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობები განიხილა.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარების, Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული ფისკალური და სხვა საჭიროებებისთვის 200 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას გეგმავს.

ლილიანა პავლოვას შეფასებით, EIB-ი დეტალურად ადევნებს თვალს ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევა Covid-19-თან გამკლავების ნაწილში შთამბეჭდავია.

მთავრობის მეთაურმა COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებთან ეფექტურ გამკლავებაში საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა  ხაზი და EIB-ს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის საქართველოს როგორც საჯარო, ისე - კერძო სექტორთან.

ხაზი გაესვა EIB-ის მიერ ქართული ბანკებისა და სხვა ბიზნესსუბიექტებისთვის გამოყოფილ დაფინანსებას, რომელთა ხელშეწყობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება, დაახლოებით, 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი.

ყურადღება გამახვილდა მთავრობის აქტიურ კომუნიკაციაზე საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივად შემუშავდეს იმ ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მიზნობრივად ორიენტირებული იქნება მიმდინარე გამოწვევებთან გამკლავებაზე. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრების პარალელურად ინტენსიური მუშაობა სამინისტროების დონეზე მიმდინარეობს.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია საქართველოსთვის და მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა EIB-ის გავლით საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაეხმარება როგორც უშუალოდ კრიზისთან ბრძოლაში, ისე პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპის დასაბრუნებლად.

ვიდეოკონფერენციაში ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი მონაწილეობდნენ.