ტომარა ფქვილის ფასი არ აღემატება 51 ლარს, ეს იმის წინაპირობაა, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს - ლევან დავითაშვილი
ამობეჭდვა · 23 / 04 / 2020 14:08
ტომარა ფქვილის ფასი არ აღემატება 51 ლარს, ეს იმის წინაპირობაა, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს - ლევან დავითაშვილი

ტომარა ფქვილის ფასი არ აღემატება 51 ლარს, ეს იმის წინაპირობაა, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ხელისუფლება მუდმივ კომუნიკაციაშია პურის მრეწველთა კავშირთან და მათ ფასის შესანარჩუნებლად ქმედითი პროგრამა შესთავაზა.

„ჩვენი მიზანი იყო წაგვეხალისებინა ქვეყანაში ხორბლის მეტი მარაგის შექმნა და მეტი მარაგი იქმნება ზუსტად იმ დაზღვევის მექანიზმით, რომელიც ჩვენ იმპორტიორ კომპანიებს შევთავაზეთ. ეს ერთი. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა პროგრამაში და მიიღონ სუბსიდირება, არის კონკრეტული პასუხისმგებლობა, რომ ფქვილის ფასი იყოს დაფიქსირებული. აქ ჩვენ დავაწესეთ უმაღლესი ზღვარი, რომ ტომარა ფქვილის ფასი არ აღემატება 51 ლარს. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმის, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც პურის ფასში მონაწილეობს, ეს არის ენერგომატარებლები. თქვენ იცით, რომ ძირითადმა კომპანიებმა, რომლებიც გაზს აწვდიან ჩვენს პურის საცხობებს მიიღეს გადაწყვეტილება და 10 თეთრით შეამცირეს ტარიფი პურის საცხობებისთვის“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 420 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა.