ჯანმო - COVID-19-ის დეკემბერში გამოვლენა გასაკვირი არ არის
ამობეჭდვა · 05 / 05 / 2020 16:02
ჯანმო - COVID-19-ის დეკემბერში გამოვლენა გასაკვირი არ არის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ COVID-19-ის შემთხვევის დეკემბერში გამოვლენა გასაკვირი არ არის და შესაძლებელია უფრო მეტი ადრეული შემთხვევების აღმოჩენა. ამის შესახებ ïmedinews-ი სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით წერს.

ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლის, კრისტიან ლინდმაიერის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები სხვადასხვა ქვეყანაში შესაძლოა უკვე დეკემბერში ყოფილიყო.

ამასთან, მან მოუწოდა სხვა ქვეყნებს, შეამოწმონ 2019 წლის გვიანდელი პერიოდის სავარაუდო შემთხვევები. მისი თქმით, ეს მსოფლიოს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით „ახალ და უფრო მკაფიო“ სურათს მისცემს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზში მდებარე ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმების განცხადებით, პაციენტი, რომელიც გასული წლის დეკემბერში ავად გახდა, კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.