მედია - უკრაინელი დეპუტატის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის სახელიც ფიგურირებს
ამობეჭდვა · 20 / 05 / 2020 21:11

უკრაინელი დეპუტატის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის სახელიც ფიგურირებს. საუბარია დამოუკიდებელი დეპუტატის, ანდრეი დერკაჩის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე, რომელშიც აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ასევე აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშნეკოს ხმებთან მიმსგავსებული ადამიანები საუბრობენ.

მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ აუდიოფაილში, რომლიც 2015 წლის 3 დეკემბრით არის დათარიღებული, ერთმანეთთან  პეტრო პოროშენკო და ჯონ კერი საუბრობენ. საუბარი ეხება უკრაინის ყოფილი პროკურორის, ვიქტორ შოკინის გათავისუფლების მოთხოვნას, რომელიც, როგორც დონალდ ტრამპის ადვოკატი რუდი ჯულიანი ამტკიცებს, უკრაინის ხელისუფლებამ ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ წამოწყებული გამოძიების გამო დაითხოვა.

ჩანაწერში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ხმასთან მიმსგავსებული ადამიანი ფაქტობრივად ითხოვს პოროშენკოსგან უკრაინის ყოფილი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

„მე ამაყი ვარ, როგორც შევთანხმდით თქვენთან და თქვენს იუსტიციის სამინისტროსთან და თქვენი საელჩოს ბიჭებთან. გენერალური ინსპექციის ოფისი ჩამოყალიბებულია. მას უწევს კოორდინაციას არა გენერალური პროკურორი, არამედ გენერალური პროკურორის მოადგილე, ბატონი საყვარელიძე, როგორც ჩვენ შევთანხმდით, ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან და ელჩთან“, – აცხადებს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პორშნეკოს ხმით მოსაუბრე ადამიანი.

უკრაინული მედიის ცნობით, ეს ჩანაწერები უკვე გადაეგზავნა უკრაინის პროკურატურას, თუმცა მასალის ავთენტურობა არც უკრაინის პროკურატურას და არც დამოუკიდებელ ექსპერტიზას ჯერ არ დაუდასტურებია.

1tv.ge