აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა საქართველოსთვის 91 მლნ ევროზე მეტი გამოყო
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2020 18:15
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა საქართველოსთვის 91 მლნ ევროზე მეტი გამოყო

საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) შორის ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ.

„აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი, ნაწილია მსოფლიო ბანკთან პირველ მაისს გაფორმებული „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ სასესხო შეთანხმებისა, რომლითაც მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ აშშ დოლარი (ეკვივალენტი ევროში 73.1 მლნ) გამოყო.

საბიუჯეტო მხარდაჭერის მოცულობა შეადგენს 91,340,000 ევროს და მისი მიზანია, საქართველოში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილება, გამოვლენა, მასზე რეაგირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სისტემების გაძლიერება.

ჩვენი პარტნიორების მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი მიიმართება ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერისკენ და მოხმარდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას, ზოგადი ტესტირების შესაძლებლობის გაზრდას, კრიტიკული სამედიცინო საშუალებებისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ასევე, COVID-19–ით უშუალოდ თუ არაპირდაპირი გზით დაზარალებული ოჯახებისა და პირების სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას მათთვის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამითა და დროებითი ფინანსური დახმარების გაწევით.

პროექტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულება, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა“, - აცხადებენ სამინისტროში.