მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცის მინისტრს პასუხობს - ჩვენთან არსებული ყველა მონაცემი სწორია, ვის რა აზრი აქვს, მნიშვნელობა არ აქვს!
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 11:10
მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცის მინისტრს პასუხობს - ჩვენთან არსებული ყველა მონაცემი სწორია, ვის რა აზრი აქვს, მნიშვნელობა არ აქვს!

ჭეშმარიტება ერთია - არის 728 დადასტურებული პაციენტი, ამიტომ ლაპარაკს, ვის რა აზრი აქვს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს, რომელსაც საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეიტანა.

როგორც მედიკოსმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული ყველა მონაცემი სწორია და დამალული არც ერთი არ არის.

„ჩვენთან არსებული ყველა მონაცემი არის სწორი, დამალული არც ერთი არ არის. დაავადებული პაციენტების რაოდენობა, დღეს რაც გვყავს, ის არის - 728 პაციენტი და ვისაც ეჭვი ეპარება, რა ვიცი... ჩემს აზრებს აქ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჭეშმარიტება ერთია - არის 728 დადასტურებული პაციენტი, ფაქტების დამალვას აზრი არ აქვს, ამიტომ აი, აქ ლაპარაკს, ვის რა აზრი აქვს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არის 728 დადასტურებული შემთხვევა, დამთავრდა! ამას არ სჭირდება კომენტარები”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, „სპუტნიკ არმენიას“ ინფორმაციით, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამასთან, ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს და აინტერესებს, რამდენად არის სტატისტიკაში ასახული პნევმონიით გარდაცვლილი პირები.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 728 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 509 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.