ლევან რატიანი - ახალი კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 14:11
ლევან რატიანი - ახალი კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა

კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და ეს ჩემი მოგონილი არაა, - ამის შესახებ  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ყოველდღიურად ვეცნობი ახალ ინფორმაციას, რომელიც ჩემს ან მედიცინის სხვა დარგს ეხება. ჟურნალისტებთან საუბრისას ერთხელ ვთქვი, რომ ეს არის მოსახდელი დაავადება. ეს ჩემი მოგონილი არაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ეს არის ვირუსი, რომელსაც აქვს გავრცელების მაღალი უნარი, და ის დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 70-80 პროცენტმა უნდა მოიხადოს“, - განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, ის მოსახლეობას 6 თვეში შექმნილი ვაქცინის გამოყენებას არ ურჩევს.

"ვემხრობი იმ ადამიანების ჯგუფს, როგორც რიგითი ექიმი, რომ 6 თვე არ არის ის დრო, როდესაც შეიქმნება პროფილაქტიკური სამკურნალო საშუალება, რასაც ე.წ. ვაქცინას ვეძახით, რომ ვურჩიო ადამიანს გამოყენება, იმიტომ რომ მინიმუმ 4-5 წელია საჭირო, რომ ასეთი სამკურნალო საშუალება შექმნან წამყვანმა ბიოტექნიკურმა ცენტრებმა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ბოლო  მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 509 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.