აშშ-ის სამხედრო საზღვაო ინსტიტუტი - ნატოსთან პარტნიორობის გასაღრმავებლად საქართველო იდეალური კანდიდატია
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 15:38
აშშ-ის სამხედრო საზღვაო ინსტიტუტი - ნატოსთან პარტნიორობის გასაღრმავებლად საქართველო იდეალური კანდიდატია

საქართველო წარმოადგენს იდეალურ კანდიდატს პარტნიორობის გასაღრმავებლად. ეს პატარა ქვეყანა სტრატეგიულადაა განლაგებული რუსეთსა და შუა აღმოსავლეთს შორის და, დამოუკიდებლობის არც თუ ისე ხანგრძლივი ისტორიის და დემოკრატიის გზაზე ჯერ კიდევ ზრდის პროცესში ყოფნის მიუხედავად, საქართველო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ამერიკას, - ამის შესახებ ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ყველაზე მსხვილი დამოუკიდებელი ასოციაცია, „აშშ-ის სამხედრო საზღვაო ინსტიტუტის“ (USNI) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში „საქართველო - შავი ზღვის გასაღები“ ლეიტენანტი გრეის ჰოვარდი წერს.

მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმაც მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს შესვლას ნატოში, როგორც გრძელვადიან მიზანს, ამერიკამ კი, რეგიონში პოზიციების განმტკიცების მიზნით, უნდა გააგრძელოს ნატოს პარტნიორებისთვის წვრთნების ჩატარება და მათი განვითარება, მაგრამ მან ასევე უნდა გააძლიეროს ნატოს არაწევრი ქვეყნებიც: საქართველო და უკრაინა.

imedinews.ge

„2008 წლის რუსეთის მხრიდან შემოჭრის შემდეგ, რომელსაც შედეგად მოჰყვა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, საქართველოს მხარდაჭერა აშშ-ის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა და ქვეყანამ თავზე აიღო დამატებითი ვალდებულებები ნატოში შესვლის მიზნით. ერაყისა და ავღანეთის ომების დროს, ოპერაციებში მონაწილე მებრძოლთა რაოდენობის მიხედვით, საქართველო იყო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი და, ამ მხრივ, 2008 წლის აგრესიის მომენტისთვის მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩებოდა. ჩვეული პრაქტიკისგან განსხვავებით, საქართველომ არ დააწესა შეზღუდვები ოპერაციებში საკუთარი მებრძოლების მონაწილეობის ფორმაზე - და ისინი მსახურობდნენ აშშ-ის მებრძოლების გვერდიგვერდ ყველაზე სახიფათო რეგიონებში (მაგალითად, ჰელმანდი), რასაც ნატოს წევრთა უმრავლესობაც კი არ აკეთებდა. გარდა ამისა, ქვეყანა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ხარჯავს თავდაცვაზე, რაც წარმოადგენს მოთხოვნას ნატოს წევრებისთვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კიდევ უფრო მკაფიოდ გააჟღერა ქვეყნის ურყევი გადაწყვეტილება, როცა განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან შეიძენს სამხედრო ტექნიკას. შემზადდა საფუძველი, რათა ქვეყანა იქცეს პრაგმატულ, წინსვლაზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ მსხვილი სამხედრო ბაზებით და გაფართოების პოტენციალით, რაშიც მოიაზრება 2 კარგად განვითარებული შავიზღვისპირა პორტი და სამხედრო სისტემები, რომლებიც უკვე ინტეგრირებულია ამერიკულ შეიარაღებასა და დაზვერვის სისტემებთან.

შედეგად, საქართველო დღეს რუსეთს გულზე ეკალივით ესობა და თავისი დემოკრატიული და კაპიტალისტური სისტემებით გავლენას ახდენს მეზობლებზე კავკასიის რეგიონში. ქვეყნის ტერიტორიაზე გადის მნიშვნელოვანი გაზის მილსადენები და სავაჭრო მარშრუტები, რაც რუსეთის სუსტ წერტილს წარმოადგენს. გარდა ამისა, საქართველო იქცა ფიზიკურ ბარიერად, ერთი მხრივ, რუსეთს და, მეორე მხრივ, შუა აღმოსავლეთსა და კავკასიაში რუსეთის მოკავშირეებს შორის, რის შედეგად მან განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა რუსეთისთვის. ამერიკამ უნდა ითანამშრომლოს საქართველოსთან, რათა გაზარდოს თავისი გავლენა შავი ზღვის რეგიონში და შეასუსტოს რუსეთის გავლენის სფერო.

სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, თავდაცვის დეპარტამენტმაც მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს შესვლას ნატოში, როგორც გრძელვადიან მიზანს. ერაყსა და ავღანეთში ომში მონაწილეობის გარდა, საქართველო კიდევ უფრო აქტიურად მონაწილეობს ნატოს წვრთნებში. 2019 წელს, საქართველოს ეგიდით გაიმართა საქართველო-ნატოს სწავლება „მტკიცე სული“. ადმირალმა ჯეიმს ფოგომ უმაღლესი შეფასება მისცა ქართველების პროფესიონალიზმს და კვალიფიკაციას, ასევე კმაყოფილებით აღნიშნა ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებები შეიარაღებული ძალების განვითარებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა საქართველო-ნატოს სამომავლო ურთიერთობების მნიშვნელობას.

მართალია, რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია წარმოადგენს აშკარა დაბრკოლებას ნატოს წევრობის გზაზე, მაგრამ წევრობისკენ წინსვლაზე უარის თქმაშექმნის დაუცველობას და იქცევა ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად ამერიკისთვის. რუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა 2008 წელს, სულ რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც ნატომ გააჟღერა სამომავლო წევრობის შეთავაზება, თუმცა არ უზრუნველყო წინსვლა წევრობის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში. გერმანია და საფრანგეთი, რუსეთის პროვოცირების შიშით, დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებიან საქართველოს წევრობას. შედეგად, ნატომ ფარულად მიანიშნა რუსეთს, რომ მას სურს საქართველოს წინაშე ვალდებულებების აღება - რუსეთმაც ხელიდან არ გაუშვა ეს შესაძლებლობა, იცოდა რა, რომ ოკუპაცია კიდევ უფრო გადაავადებს სამომავლო წევრობას.

როგორც საქართველოს, ისე უკრაინის შემთხვევაში რუსეთმა ცხადყო, რომ მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს აშშ-ის მოკავშირეების ტერიტორიაზე შეჭრა, თუკი ისინი ჯერ არ არიან ნატოს წევრები. შესაბამისად, ამერიკამ მტკიცე მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს საქართველოს შესვლას ნატოში და მკაფიოდ განაცხადოს, რომ რუსეთს არ აქვს წევრობაზე ვეტოს დადების უფლება სხვა ქვეყნებში შეჭრის გზით. ეს არის გრძელვადიანი მიზანი, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი აშშ-ის ინტერესების დაცვის კუთხით“, - წერს სტატიის ავტორი.