ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დაიწყო
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 16:05
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დაიწყო

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„ეს არის მონაკვეთი ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე, რომელიც დროებით ჩაკეტილი იყო, რადგან მიმდინარეობდა საკომუნიკაციო ჭების თავების წამოწევა და ასფალტის ბოლო ფენის დაგებისთვის მომზადება. დღეს, უკვე ეს სამუშაოები იწყება. ქუჩებზე, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირს უერთდება, ასფალტის ზედა ფენები მოეწყობა და სამუშაოების ბოლო ეტაპი ამ კონკრეტული მონაკვეთის დასრულება იქნება. მთავარია, ამინდი არ გაფუჭდეს. ზოგადად, ქარიც პრობლემურია, რადგან ჭავჭავაძის გამზირის ბოლო ფენების მოწყობა სპეციალური მოდიფიცირებული ასფალტით მიმდინარეობს. თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება, ორშაბათიდან ეს მონაკვეთი გაიხსნება. მეორე მონაკვეთი, ატენის ქუჩიდან ავალიშვილის ქუჩამდე იქნება ჩაკეტილი, რადგან იქაც ანალოგიურ სამუშაოებს ვაწარმოებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მთლიანად გამზირის რეაბილიტაცია სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება.

ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება დასრულებულია. ამ დროისთვის, ინტენსიურად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანის, ტროტუარის მოპირკეთებისა და გამზირზე არსებული თარგების გამწვანების სამუშაოები.

ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება. სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, ატენის ქუჩიდან ავალიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, მიმდინარე წლის 25 მაისიდან 15 ივნისამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და ასფალტის საფარის ბოლო ფენა ეტაპობრივად დაიგება.

სარეაბილიტაციო არეალი 2.5 კილომეტრს მოიცავს. საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს.
მოეწყო ბორდიური, ტროტუარი მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე ეწყობა ველობილიკიც.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შშმ პირთათვის გამზირის სრული ადაპტირება ხდება. გარე განათების ქსელი სრულად შეიცვალა, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ განთავსდა. ასევე, დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების
შემკრები კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.