აჭარა მწვანე ზონა გახდა
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 17:16
აჭარა მწვანე ზონა გახდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონი "მწვანე ზონა" გახდა. ავტონომიურ რესპუბლიკაში ბოლო ორი კოვიდინფიცირებული პაციენტიც გამოჯანმრთელდა.

აჭარაში 30 აპრილის შემდეგ, უკვე 23 დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

„აჭარამ დაიბრუნა მწვანე ზონის სტატუსი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით. ახლა მთავარია, ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები და შევძლოთ პირველი ტურისტების მიღება. შესაბამისად უნდა დავიწყოთ ეკონომიკის ამოქმედება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსზე PSR-ტესტი ათასამდე ადამიანს ჩაუტარდა. აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 15 მარტს დადასტურდა. ინფიცირებული იყო საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, აეროპორტიდან კარანტინში გადაიყვანეს.

ავტონომიურ რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაფიქსირდა.

საქართველოში კორონავირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 509 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.