დავით ზალკალიანი - სომხური მხარის განმარტებით, მედიაში მინისტრის განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 21:27
დავით ზალკალიანი - სომხური მხარის განმარტებით, მედიაში მინისტრის განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და წუხილი გამოთქვა, რომ ქართველი კოლეგები ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ გაანაწყენა. ამის შესახებ ზალკალიანმა „ქრონიკასთან“  საუბარში განაცხადა.

დავით ზალკალიანის განმარტებით, სომხური მხარე მედიაში არასწორ ინტერპრეტაციაზე საუბრობს.

„როგორც კი მედიიდან შევიტყვეთ მსგავსი განცხადების შესახებ, დიპლომატიური არხების საშუალებით გვქონდა დაუყოვნებლივი რეაგირება, მათ შორის ჩვენი საელჩო დაუკავშირდა შესაბამის სტრუქტურებს, რათა განმარტებები გაეკეთებინათ. რა თქმა უნდა, ეს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკორექტული იყო მეზობელი და მეგობარი ქვეყნის მიმართ ისეთი ოფიციალური პირისგან, როგორიც ჯანდაცვის მინისტრია.

ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა ჩვენი საელჩო ერევანში და მაცნობეს, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით დარეკა საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორმა და გამოთქვა წუხილი, რომ მისმა გამონათქვამმა, რომელიც მათი განმარტებით, არასწორად იყო ინტერპრეტირებული, გაანაწყენა ქართველი კოლეგები და ისინი ამის შესახებ წუხილს გამოთქვამენ და საელჩოს სთხოვა, ეს პოზიცია თბილისისთვის გადმოეცა“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი აცხადებს, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია. სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს.

საქართველოში კორონავირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 509 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.