შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მხარდაჭერა გრძელდება
ამობეჭდვა · 24 / 05 / 2020 11:34
შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მხარდაჭერა გრძელდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ლელა აქიაშვილმა  საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები სოციალურად მოწყვლადი ოჯახები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მრავალშვილიან ოჯახები მოინახულეს და კრიზისით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შემსუბუქების მიზნით, პირველადი საკვები და ჰიგიენური საშუალებები გადასცეს.

COVID-19-ით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შემსუბუქების მიზნით, გამყოფ ხაზთან მდებარე ოთხი მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ყველა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს პირველადი საკვები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცემათ.

ლია გიგაური და ლელა აქიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან ერთად, ოჯახების საჭიროებებსაც გაეცნენ. გამყოფ ხაზთან ოჯახებს სტუმრობდა გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი ღასან ხალილიც. პროექტი UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და საბოლოო ჯამში შიდა ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. ამასგარდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ოჯახები სახელმწიფოს ანტი-კრიზისული გეგმით, 6 თვის განმავლობაში 600 ლარის მხარდაჭერას მიიღებენ.