რა ეღირება თბილისი-რუსთავის მიმართულებით ავტობუსით მგზავრობა? - კალაძის განმარტება
ამობეჭდვა · 26 / 05 / 2020 14:59
რა ეღირება თბილისი-რუსთავის მიმართულებით ავტობუსით მგზავრობა? - კალაძის განმარტება

თბილისი-რუსთავის მარშრუტზე ავტობუსით მგზავრობის ტარიფი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც არის დედაქალაქში გადაადგილებისას, ანუ 50 თეთრი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ "ინფო რუსთავთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამ მარშრუტზე საშეღავათო ფასით სტუდენტები ისევ ისარგებლებენ, ანუ მათ 20 თეთრად მოუწევთ მგზავრობა.

კონკრეტული ლოკაციები, თუ საიდან მოხდება მგზავრების აყვანა ამ დროისთვის ჯერ ოფიციალურად არ ჟღერდება, თუმცა ჩვენ გავარკვიეთ, რომ მგზავრების აყვანა სავარაუდოდ ქალაქის შემოსასვლელთან მოხდება.

თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მგზავრებს 60-მდე ავტობუსი მოემსახურება და მათი მოძრაობის ინტერვალი 10 წუთი იქნება.

კითხვაზე, შეიზღუდება თუ არა იმ მიკროავტობისების გადაადგილება დედაქალაქის მიმართულებით, რომლებსაც აქამდე გადაყავდათ მგზავრები, კახი კალაძემ გვიპასუხა, რომ ისინი მგზავრების გადაყვანას ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ.

"ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა უნდა გავაჩეროთ. ეს არის ჩვენი მუნიციპალიტეტის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქოდენთ შესაძლებლობა თავისუფლად და სწრაფად გადაადგილების თბილისიდან რუსთავის მიმართულებით და პირიქით, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით", - განუცხადა "ინფო რუსთავს" კახი კალაძემ.

თბილისის მერის ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ჩვენ რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუასაც ვესაუბრეთ.

კითხვაზე იცოდა თუ არა ზემოთ აღნიშნულის შესახებ რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ გვიპასუხა, რომ ის საქმის კურსში იყო და გარკვეული სამუშაო შეხვედრები თბილისის მერიასთანაც ინიციატივის გაჟღერებამდე გაიმართა.

"ჩვენ გვქონდა სხვადასხვა სამუშო ფორმატის შეხვედრები. თბილისი და რუსთავი განსაკუთრებული მომიჯნავე მუნიციპალიტეტებია, თუ გავითვალისწინებთ მგზავრთა ნაკადს და რამდენად დაკავშირებულია ეს ორი ქალაქი ერთმანეთთან, როგორც სასწავლო პროცესის კუთხით, ასევე სამუშაო კუთხითაც.

მივესალმებით ინიციატივას და ეს დიდი ხნის პრობლემატური საკითხის გადაჭრის გზა არის. რა თქმა უნდა, თანამშრომლობისთვის მზად ვართ",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერის თქმით, თბილისის მასშტაბით კვლევა ჩატარდა, რომლითაც განისაზღვრება მარშრუტები, როგორც M3, ასევევ M2-ისა და M1 კატეგორიისათვის.

ირაკლი ტაბაღუას თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნა კომპანია ინტერტრანსისთვის, რომელსაც თბილისის მიმართულები მგზავრები გადაყავს, მგზავრთა ნაკადის შემცირებას არ გამოიწვევს.

თბილისი მერის ახალი ინიციატივა დადებითად შეაფასა რუსთაველმა აქტივისტმა გივი შანიძემაც.

"სამართლიან მოთხოვნას ყოველთვის აქვს აზრი. შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელსაც ცალსახად ვეთანხმებით. აქ გასათვალისწინებელია ლოკაციები, თუ საიდან უნდა გავიდეს ეს ავტობუსი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ხელიმისაწვდომი იყოს ნებისმიერი შესაძლებლობლობის მქონე ადამიანისთვის , მათ შორის შშმ პირებისთვის. ეს უნდა იყოს მათდამი ადაპტირებული ავტობუსები. ტარიფი კი , რა თქმა უნდა, იყოს მგზავრზე გათვალისწინებული",- განაცხადა გივი შანიძემ.

"ინფო რუსთავი" ასევე ესაუბრა კომპანია "ინტერტრანსის" მძღოლებსაც. მათი თქმით, ავტობუსების დანიშვნა მგზავრთა რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს, რაც მათ სამუშო პროცესსაც ხელს შეუშლის.

რუსთავი-თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას რუსთაველები უკვე დიდი ხანია ითხოვენ.

ახალი ინიციატივა კი მათთვის სასიხარულო ამბავი აღმოჩნდა, რაც ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტარებში დაფიქსირებულ მოსაზრებებშიც გამოჩნდა.