ნიკოლ ფაშინიანი გიორგი გახარიას - შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ სომხეთი მოხარულია მეგობარი საქართველოს უამრავი მიღწევით
ამობეჭდვა · 26 / 05 / 2020 18:09
ნიკოლ ფაშინიანი გიორგი გახარიას - შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ სომხეთი მოხარულია მეგობარი საქართველოს უამრავი მიღწევით

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ქართველ კოლეგას, გიორგი გახარიას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ საქართველოს სომხეთის სახით ჰყავს საიმედო მეგობარი და მეზობელი.

„გულთბილად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მეგობრულ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. 100 წელზე მეტი ხსნის წინ, 1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა გამოხატა მათი მტკიცე გადაწყვეტილება, რომ აღედგინათ სახელმწიფოებრიობა და აეშენებინათ დემოკრატიული საზოგადოება. დღესაც, საქართველო იცავს მეოცე საუკუნეში გაცხადებულ გადაწყვეტილებას და აგრძელებს თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას.

საუკუნეების განმავლობაში სომხურ-ქართული ურთიერთობები ღრმა პატივისცემასა და მეგობრობაზე იყო დაფუძნებული, რისი კარგი მაგალითიც არის მიმდინარე მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი დიალოგი.

თქვენ შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ სომხეთი მოხარულია მეგობარი საქართველოს უამრავი მიღწევით. საქართველოს სომხეთის სახით ჰყავს საიმედო მეგობარი და მეზობელი.

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ძალიან ვაფასებ ჩვენ ორ მთავრობას შორის არსებულ თანამშრომლობას „კოვიდ-19“-ის გავრცელების ფონზე, განსაკუთრებით შეუწყვეტელი ტვირთების ტრანსპორტირებისა და მოქალაქეების რეპატრიაციის კუთხით.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევის გარეშე ვერ გადავლახავთ კაცობრიობის წინაშე არსებულ ამ განსაცდელს.

მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ, წარმატება თქვენს საპასუხისმგებლო პოზიციაზე, ასევე კარგი ჯანმრთელობა და გამძლეობა“, – წერს სომხეთის პრემიერ მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 102 წლისთავი აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.