ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის
ამობეჭდვა · 26 / 05 / 2020 20:17
ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის

ალეკო ელისაშვილმა პოლიტიკური პარტიის შექმნა დაანონსა. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი განმარტებით, მან პოლიტიკური პარტიის შექმნაზე განაცხადი სწორედ დამოუკიდებლობის დღეს გააკეთა, სრულიად განსხვავებული, თავისუფალი და ეროვნული პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების ნიშნად.

„დღეს 2020 წლის 26 მაისია და ახლა  ჩემს საჯარო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი წამებია: მე, ალეკო ელისაშვილმა უნდა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის 102-ე და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 81-ე წელიწადს, პოლიტიკაში მარტოდმარტო ბრძოლის შემდეგ, უნდა შევქმნა პოლიტიკური პარტია, არა უკვე არსებულ პარტიებს შორის კიდევ ერთი, დამატებითი, არამედ პირველი პარტია, რომელიც ყოველგვარი პარტიული ინტერესებზე წინ დააყენებს საქართველოს სახელმწიფოს და მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, რადგან ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაა ჩემი პირველი და უკანასკნელი სურვილი.

თანამებრძოლებთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რაც აქამდე წესად იყო პოლიტიკაში, ის იყოს სამარცხვინო. არ დავუშვებთ პრივილეგიებს პოლიტიკაში, არ დავუშვებ სახელმწიფოს სახელით, ხალხის გაღატაკებას. ვქმნი პირველ პარტიას, რომლის გარჯითაც ნიკო ნიკოლაძე, დიმიტრი ყიფიანი და ექვთიმე თაყაიშვილი იამაყებდნენ, მერაბ კოსტავა იამაყებდა. ვქმნით პარტიას, რათა თავდაუზოგავი შრომით ვიხილოთ მდიდარი და ერთიანი საქართველო!“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.