საკარანტინო ზონების იდეა ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში დაიბადა, ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება - გიორგი გახარია
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2020 13:23
საკარანტინო ზონების იდეა ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში დაიბადა, ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გაწეული 2-თვიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას საკარანტინო ზონების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, საკარანტინო ზონების იდეა საქართველოს ტირიზმის ეროვნულ სააგენტოში დაიბადა და მან გაამართლა.

პრემიერის განმარტებით, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულ რამდენიმე კვირაში ტაშს უკრავდა.

„არ შემიძლია, არ შევეხო საკარანტინო ზონებს და ამ ნაწილში მინდა, ეკონომიკის სამინისტროს უაღრესად დიდი მადლობა გადავუხადიო, ეს იყო იდეა, რომელიც დაიბადა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში, როდესაც ჩვენ ელემენტარულად ვნახეთ, რომ იმპორტირებული ვირუსის გავრცელება ხდებოდა, უზარმაზარი რისკი. შეიძლება დაგვავიწყდა, რადგან ეს ადამიანები უკვე გამოჯანმრთელდნენ და ნორმალურ ცხოვრებას  დაუბრუნდნენ, გვახსოვს იტალიიდან შემოსული ინფიცირების რაოდენიბა და იქ რამდენიმე მსხვილი კლასტერი, საფრანგეთიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, ეს ხალხი  ყველა დღეს თავის, ნორმალური, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს. ეს იყო დამსახურება პირველ რიგში ექიმების. მაგრამ ეს კლასტერები რომ არ გაზრდილიყო და სწრაფი და რაღაც გაურკვეველი ტესტების პირობებში უფრო დაზღვეული გქვონოდა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, მივიღეთ გადაწყვეტილება საკარანტინო ზონების შექმნის, როგორც ბუფერის. ამ ვირუსს აქვს 14-დღიანი საინკუბაციო პერიოდი და ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულ რამდენიმე კვირაში ტაშს უკრავდა, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს ტურიზმის მსოფლიო ორგანზიაცია იყენებს თავის პროტოკოლებში, როგორ გახსნას საერთოდ ტურზმი მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გახარიას თქმით, საქართველოში საკარანტინო ზონები 22 000-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა და ამჟამად ამ სივრცეებში 4 000-მდე პირი იმყოფება.

„ვერც ერთი ადამიანი ვერ გამოდის საკარანტინო ზოინიდან ისე, თუ არ ჩაუტარდა მას „პისიარ“ ტესტირება“,- დასძინა გახარიამ.