"ჩვენ უსაფრთხო კუნძულივით ვართ იმ გეოგრაფიულ მოცემულობაში, სადაც ირგვლივ მყოფი ქვეყნები ეპიდემიის საკმაოდ მაღალი გავრცელების ხარისხში არიან"
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2020 14:49
"ჩვენ უსაფრთხო კუნძულივით ვართ იმ გეოგრაფიულ მოცემულობაში, სადაც ირგვლივ მყოფი ქვეყნები ეპიდემიის საკმაოდ მაღალი გავრცელების ხარისხში არიან"

„ვიცი თქვენი სწორი რეაგირება და ხედვა ტურიზმის დაზიანების ხარისხთან დაკავშირებით. თქვენი მეთაურობით შემუშავებული ყველა პროგრამა მეტ-ნაკლებად კარგად პასუხობდა ამ სექტორის პრობლემებს თუმცა, არ შემიძლია არ გავაჟღერო  გიდების, მძღოლების, ტურისტული კომპანიების თხოვნა რომლითაც ისინი მე დამიკავშირდნენ. საქმე ეხება ერთ შემთხვევაში ტურისტული ორგანიზაციების და კომპანიების მხრიდან ოფიციალურად დასაქმებული ადამიანებისთვის 1200 ლარიანი დახმარების მიღების შემთხვევებს. ტურიზმის სექტორი მეტ-ნაკლებად სეზონურია და პერიოდული, ამიტომ ა. წ. პირველ კვარტალში, მათ არ ჰქონდათ ფინანსური მოძრაობა და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადი გადახდილი არ აქვთ თუმცა, წინა წლის საკმაოდ დიდ პერიოდში ისინი საშემოსავლო გადასახადს იხდიდნენ. ტურიზმის სპეციფიკიდან გამომდინარე თხოვნა არის - იქნებ გათვალისწინებული იყოს წინა წლის შემოსავლები“, - აღნიშნული თხოვნით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა გიორგი გახარიას პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც პრემიერმინისტრი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენდა.

მისი თხოვნა ასევე, ეხებოდა თვითდასაქმებულ გიდებსა და მძღოლებს.

„ის რეგულაციები, რომლითაც დასტურდება თვითდასაქმება, გიდებისა და მძღოლების  შემთხვევაში არ მუშაობს. მათი  თხოვნაა, რომ იქნებ ასოციაციების, სასტუმროების და ტურისტული კომპანიების მიერ გაცემული ცნობები მათთან დაკავშირებით იყოს გამოსადეგი“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ასევე, დაინტერესდა თუ რა პირობებში და რა უსაფრთხოების წესების დაცვით მოხდება საზღვრების გახსნა.

„გადმოგცემთ უამრავი ადამიანის შფოთვას  საზღვრების გახსნათან და   ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ფაქტიურად, ჩვენ უსაფრთხო კუნძულივით ვართ იმ გეოგრაფიულ მოცემულობაში, სადაც ირგვლივ მყოფი ქვეყნები ეპიდემიის საკმაოდ მაღალი გავრცელების ხარისხში არიან. რა პირობებში ვხსნით ქვეყანას? მე მომხრე ვარ იმისა, რომ ტურიზმის სექტორი რეალურად ამუშავდეს და საზღვრები გაიხსნას. გთხოვთ, ჩვენს მოქალაქეებს უფრო დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ რა პირობებში რა უსაფრთხოების წესების დაცვით მოხდება საზღვრების გახსნა. მით უფრო, ვიცით რამდენად  მნიშვნელოვანია ამ ბალანსის დაცვა, ტურისტის შემოსვლა არ იყოს იმდენ დისკომფორტთან დაკავშირებული, რომ საერთოდ არ შემოვიდეს ის თუმცა, მეორე მხრივ, ის არ იყოს ეპიდემიის შემომტანი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.