ვართ არჩევნები ჩატარდეს უმაღლეს დონეზე - მიხეილ ყაველაშვილი
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2020 15:08
ვართ არჩევნები ჩატარდეს უმაღლეს დონეზე - მიხეილ ყაველაშვილი

„ოქტომბრის ბოლოს გვაქვს ძალიან მნიშნელოვანი არჩევნები საქართველოში. ჩვენს საერთაშორისო და სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენი დესტრუქციული ძალისგან, ჩენი ოპოზიციისგან მიეწოდება დეზინფორმაცია და მნიშნელოვანია, რომ საკმაოდ წარმომადგენლობითი, სადამკვირვებლო ფართო მისიები იყვნენ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ამ არჩევნებთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვეპარება ეჭვი არჩევნებში გამარჯვებისა, თუმცა, ადგილზე უნდა მოხდეს არჩევნების უმაღლესი შეფასება. ჩვენ მზად ვართ, რომ არჩევნები ჩატარდეს უმაღლეს დონეზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა შეკითხვით მიმართა პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას და დაინტერესდა თუ როგორ კეთდება ორგანიზება ამ ეტაპისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი ოქტომბრის ბოლოს არჩევნებზე.

მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა სამთავრობო გუნდს და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული შედეგებისთვის. 

„მინდა მადლიერება გამოვხატო და მადლობა გითხრათ სამთავრობო  გუნდს, უწყებათაშორის საბჭოს, სამედიცინო პერსონალს.  არ შეიძლება ეს არ აღვნიშნო, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც  პანდემიას გაუმკლავდნენ, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ვართ საქართველო.  ეს აუცილებლად აღსანიშნავი იყო და ამას ვერ ავუვლიდი გვერდს, განსხვავებით ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციისა, რომლებმაც ვერა და ვერ გამოხატეს მადლიერების გრძნობა. ერთადერთი ელენე ხოშტარია იყო წინა სხდომაზე, ვინც გაბედა, განაცხადა და მადლობა გადაუხადა მთავრობას. სხვა არც ერთი, მათ შორის, ჩვენგან წასული დეპუტატებისგანაც არ გამიგია მთავრობისთვის მადლობის გადახდა. ცუდია ეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.​