პრემიერი პარლამენტში მოვიდა ხელცარიელი და ჯიბეცარიელი - რომან გოცირიძე
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2020 15:59
პრემიერი პარლამენტში მოვიდა ხელცარიელი და ჯიბეცარიელი - რომან გოცირიძე

პრემიერი პარლამენტში მოვიდა ხელცარიელი და ჯიბეცარიელი. არ მოიტანა ბიუჯეტი. მისი არც ერთი სიტყვა, რაც აქ მოვისმინეთ, სანდო არ არის, - ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გამოსვლას პარლამენტში.

რომან გოცირიძის თქმით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მთელ მსოფლიოში, რომელმაც პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს დახმარება არცერთი თეთრით არ გაუწია.

„კვლავ გაუგებარია, როდის იქნება ეს ფული, რა რაოდენობის იქნება, რას აპირებს ბიზნესთან დაკავშირებით. არცერთ სიტყვაზე არ უნდა ვენდოთ, სანამ არ შემოვა ბიუჯეტი. ყველაზე მთავარი, როდესაც პანდემიის პერიოდში ამბობდნენ, რომ კორონავირუსი ყველაზე მეტად ვნებს იმ ადამიანს, ვისაც არ აქვს იმუნიტეტი და ვისაც ახლავს სხვა დაავადებები, ზუსტად ასეთ ვითარებაში იმყოფება საქართველოს ეკონომიკა. საქართველოს ეკონომიკა ვირუსს შეხვდა იმუნიტეტის გარეშე და თანმდევი, მრავალი დაავადებით. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საკრედიტო სააგენტოს კვლევა, ჩატარდა 63 ქვეყანაში და პანდემიის პერიოდში ეკონომიკური რისკების მიხედვით ყველაზე ცუდ, 63-ე ადგილზე აღმოჩნდა საქართველო. 62-ე არის თურქეთი, 61-ე არის არგენტინა. ყველაზე მოწყვლადი, სარისკო პანდემიის დროს, ყველაზე სუსტი და მოუმზადებელი აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკა. ანუ პანდემიას ქვეყანა შეხვდა ეკონომიკურად მოუმზადებელი. ეს არის სამწუხარო სურათი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.