გიორგი გახარია: საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია, რაც ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესი უნდა იყოს
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2020 19:15
გიორგი გახარია: საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია, რაც ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესი უნდა იყოს

საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია. მას ვერასოდეს ვერავინ შეეხება და ეს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესი უნდა იყოს. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ხანდაზმულობის პერიოდში დასახარჯი ფული და არა დღეს, კრიზისში, როდესაც ეს ფული არ მჭირდება , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გახარიას თქმით, საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის ახლა დახარჯვაზე განცხადებები უპასუხისმგებლოა და „მსგავსი სისულელე არცერთ ქვეყანას არ უქნია“.

„საპენსიო რეფორმა ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ეს თქვენც იცით და მეც. ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც საპენსიო რეფორმაზე მსჯელობა მიდიოდა, თქვენ ყოველთვის გქონდათ პოზიცია: ამის გაკეთება არ შეიძლებაო, რადგან პირველივე კრიზიში მთავრობა მიადგება და საპენსიო ფონდს დახარჯავსო, ხალხო, პრობლემა იქნება იმაში, რომ მთავრობა ფულს ახლა აგროვებს და კრიზისის დადგომისთანავე, ამ ყულაბას გახსნის და ფულის ხარჯვას დაიწყებსო. ეს იყო ყველაზე დიდი არგუმენტი, რომელსაც თქვენ ამბობდით. რაც შეეხება მეორე არგუმენტს, რომ ეს ფული ახლა უფასურდებაო. რომ იცოდეთ, საშუალო წლიური ზრდა ამ ფულის განთავსებით ახლა არის 14%. კურსთა შორის სხვაობის შედარება, საპენსიო ფონდის გადაყვანა უცხოურ ვალუტაში ეკონომიკურად საერთოდ ნონსენსია იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ლარის სივრცეში ვცხოვრობთ, ხელფასსაც ლარში ვიღებთ და არა დოლარში. საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია. მას ვერასოდეს ვერავინ შეეხება და ეს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესი უნდა იყოს,“ - განაცხადა გახარიამ.