ჩვენთან პლაქვენილის გვერდითი მოვლენების სერიოზული შემთხვევა არ დაფიქსირებულა - თენგიზ ცერცვაძე
ამობეჭდვა · 28 / 05 / 2020 16:45
ჩვენთან პლაქვენილის გვერდითი მოვლენების სერიოზული შემთხვევა არ დაფიქსირებულა - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ პრეპარატ პლაქვენილის მკურნალობიდან ამოღების მიუხედავად, საქართველოში სერიოზული გვერდითი მოვლენები ამ წამალს არ ჰქონია. ექნება თუ არა ამ პრეპარატს გვერდითი მოვლენები თვეების შემდეგ, ამაზე ცერცვაძემ რუსთავი 2-თან ისაუბრა:

"ჩვენთან არ დაფიქსირებულა გვერდითი მოვლენების არცერთი სერიოზული შემთხვევა, შესაძლოა ეს იმითაც იყოს გამოწვეული რომ გვერდით მოვლენები ეხება გულის რიტმის დარღვევას და კიდევ ზოგიერთ სხვა დარღვევას. ეს შეიძლება იმან გამოიწვია, რომ ვიცოდით ამ გვერდით მოვლენებზე, ვარჩევდით პაცოენტებს, ვისთვის უნდა მიგვეცა პლაქვენილი".

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველომ პლაქვენილის გამოყენება დროებით შეაჩერა, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საბოლოო დასკვნას არ დადებს:

"ჩვენ ვინაიდან ვმონაწილეობთ "სოლიდარობის" კვლევაში, ჩვენც მყისიერად ამოვიღეთ".

პლაქვენილით მკურნალობის გამო, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა ფეისბუქზე კორონავირუსის მკურნალობის ქართული პროტოკოლი გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ სწორედ ამ პროტოკოლის მიხედვით, პრეპარატ პლაქვენილით საქართველოში უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებს მკურნალობენ, რაც დაუშვებელი და სახიფათოა.

ქართული პროტოკოლის თანაავტორმა და კორონავირუსის კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ კი ზურაბ გურული "ფაქტობრივი ტყუილის გავრცელებაში" დაადანაშაულა და თქვა, რომ ქართული პროტოკოლით პრეპარატი მხოლოდ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს ენიშნებათ.