პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ამობეჭდვა · 29 / 05 / 2020 10:44
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანებში, ზ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ო.მ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, გულმკერდის არეში დანით მიაყენა ჭრილობა,მიყენებული დაზიანების შედეგად ო.მ. ადგილზე გარდაიცვალა. ზ.მ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  

სამართალდამცველებმა ზ.მ. 2019 წლის 9 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ზ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.