წესები, რომლებიც ტურ-ოპერატორებმა და გიდებმა უნდა დაიცვან
ამობეჭდვა · 29 / 05 / 2020 18:32
წესები, რომლებიც ტურ-ოპერატორებმა და გიდებმა უნდა დაიცვან

ჯანდაცვის სამინისტროში ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის ზოგადი რეკომენდაციები დაამტკიცეს, რომლის მიხედვით, 6-ადგილიანი მინივენით 4, ხოლო 44-ადგილიანი ავტობუსით 22 ტურისტის გადაადგილებაა დასაშვები.

რეკომენდაციები ასეთია:

ტურზე წასვლამდე გიდს, მძღოლსა და ტურისტს თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტარდეს და ეს ყოველდღიურად გამეორდეს;

მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;

ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება;

სალონი უნდა ნიავდებოდეს რეგულარულად ღია ფანჯრებით;

გიდს ტურისტებთან უშუალოდ შეხვედრისას უნდა ეკეთოს ნიღაბი და ტურის მსვლელობისას სტუმრებთან დაიცვას დისტანცია. ამასთან, თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი.