ბინებში კონდიციონერის გამოყენება ნაკლები რისკის შემცველია - თამარ გაბუნია
ამობეჭდვა · 02 / 06 / 2020 13:27
ბინებში კონდიციონერის გამოყენება ნაკლები რისკის შემცველია - თამარ გაბუნია

ბინებში კონდიციონერის გამოყენება ნაკლები რისკის შემცველია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კონდიციონერი დამატებითი რისკი შეიძლება იყოს საჯარო სივრცეში, სადაც ბევრი უცხო ადამიანი ხვდება ერთმანეთს სხვადასხვა სივრციდან, რომლებიც სხვა შემთხვევაში ოთახის ჰაერს არ გაიზიარებდა.

„წესი უნდა დავიცვათ კონდიცირება იქნება, ვენტილაცია თუ სხვა საშუალება. ამ წესებს გვთავაზობს ევროპის გამათბობლების, ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების ასოციაციების ფედერაცია. გამოცემულია გაიდლაინი ამ ფედერაციის მიერ, რომელიც არის ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტი, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ვენტილაციის და კონდიცირების სისტემა. ეს რეკომენდაციები ჩვენ შევიტანეთ ბიზნესებისთვის მომზადებულ შესაფერის რეკომენდაციებში. იქ წერია, როგორ უნდა მოხდეს სავენტილაციო სისტემის გამოყენება, სად შეიძლება კონდიცირების სისტემის გამოყენება, რა წესები უნდა დავიცვათ თუ ამას მივმართავთ. მთავარი აქ არის ის, რომ ამ სისტემებმა უნდა გამოიყენონ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გარედან შემოტანილი ჰაერი. საყოფაცხოვრებო პირობებში, ბინებში კონდიცირების გამოყენება ნაკლებად რისკის შემცველია, ვიდრე დიდ საჯარო სივრცეში, რადგან ბინაში ჰაერი ისედაც გაზიარებულია ოჯახის წევრებს შორის, კონდიციონერი კი ამ ჰაერის რეცირკულაციას და გაგრილებას ახდენს. ამდენად, ამ შემთხვევაში კონდიციონერი დამატებით რისკს ოჯახისთვის ვერ შემოიტანს. თუმცა, კონდიციონერი დამატებითი რისკი შეიძლება იყოს საჯარო სივრცეში, სადაც ბევრი უცხო ადამიანი მოდის, ერთმანეთს ხვდება სხვადასხვა სივრციდან მოსული ადამიანი, რომლებიც სხვა შემთხვევაში ამ ჰაერს არ გაიზიარებდა. თუ კონდიციონერის გამოყენებას გადავწყვეტთ, უნდა დავიცვათ ის ინსტრუქცია, რომელიც წარმოდგენილია კონდიციონერის მწარმოებლის მიერ. მთავარია ის, რომ ფილტრი რეგულარულად იცვლებოდეს და ოპერირების წესები, რომელიც მითითებულია კონდიციონერის მწარმოებლის მიერ, დაიცვან. სამწუხაროდ, ჩვენს პრაქტიკაში ფილტრების რეგულარული გამოცვლის გამოცდილება, დარწმუნებული არ ვარ, რომ ისეთია, როგორიც უნდა იყოს. თუმცა, მაინც ბუნებრივ ვენტილაციაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რამდენადაც შეგვიძლია დიდი რაოდენობით. თუ ცენტრალური ვენტილაციის სისტემაა, უნდა გადავრთოთ გარედან შემომავალი ნაკადების გაზრდილ მოცულობაზე. კიდევ ერთი საკითხია ვენტილატორების გამოყენება, რომელიც ჰაერს ატრიალებს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც სიფრთხილეა საჭირო. თუ მიმართულება სწორი არ აქვს ჰაერის ნაკადს, ამანაც შეიძლება გამოიწვიოს ვირუსის გადაადგილების სიჩქარის გაზრდა და ინფექციის რისკიც გაიზარდოს. თუ ვენტილატორს გამოვიყენებთ, ჰაერის ნაკადი მიმართული უნდა იყოს გარეთ გამავალ სივრცეში და ოთახში არ უნდა ტრიალებდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

წყარო