ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადი და შადრევნები პირვანდელი სახით აღდგება
ამობეჭდვა · 03 / 06 / 2020 12:39
ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადი და შადრევნები პირვანდელი სახით აღდგება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიატაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე, შპს LMC-სთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში, დამუშავდება კასკადისა და შადრევნების, როგორც არქიტექტურული, ისე საინჟინრო პროექტები.

„პროექტის ფარგლებში, კასკადისა და შადრევნების წყლით უზრუნველყოფის სხვადასხვა ალტერნატივა იქნება განხილული. ასევე, საუბარია მდინარე ვერეს ხეობიდან წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით, რათა კასკადმა უკეთესად შეძლოს ფუნქციონირება. ეს ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება, თუმცა მიმდინარეობს შესწავლა და ამ კვლევაზე ცოტა მოგვიანებით მოგაწოდებთ ინფორმაციას. ეს არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კასკადი. საკმაოდ რთული კონსტრუქციაა, რომელიც სამწუხაროდ, მოუვლელობის გამო, წლებია გამორთულია და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პროექტის შედეგად, ცენტრალური ღერძის გასწვრივ არსებული კასკადი და შადრევნები ჩვენს დედაქალაქს პირვანდელი სახით დაუბრუნდება. რეაბილიტაციის პროექტი ზაფხულის ბოლოსთვის იქნება მზად. ვაკის პარკს და ამ კონკრეტულ კასკადს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შესაბამისად, თითოეულ დეტალზე მუშაობა ძალიან მნიშნელოვანია. დარწმუნებული ვარ, პროექტი, რომელიც განხორციელდება, ერთ-ერთი საუკეთესო იქნება, რომლითაც ყველა ვიამაყებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერის განცხადებით, უკვე ჩაბარებულია ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ - CBA Studios მოამზადა.

მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია შედგა, ჩატარდა საჯარო შეხვედრაც, რომელზეც პროექტის ავტორებმა პარკის ფუნქციურ ზონირებასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვები და მოსაზრებები წარადგინეს.

„ვაკის პარკის რეაბილიტაციის შემდეგ, დედაქალაქში ულამაზესი სივრცე იქნება. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, გავაცანით პროექტი, იყო მსჯელობა, შენიშვნები, რომელიც გავითვალისწინეთ. ახლა დაწყებული გვაქვს სამუშაოები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ მივიღოთ დაფინანსება და რაც შეიძლება მალე დავიწყოთ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ორივე ერთად, კასკადისა და პარკის რეაბილიტაცია ერთ-ერთი მსხვილი პროექტია და ქალაქში მნიშვნელოვანი სივრცე გვექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ასევე, უახლოეს დღეებში იგეგმება რეაბილიტირებული „მზიურისა“ და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკის გახსნა.