თბილისში სახლი აფეთქებას გადაურჩა
ამობეჭდვა · 04 / 06 / 2020 11:53
თბილისში სახლი აფეთქებას გადაურჩა

თბილისში კიდევ ერთი გაქირავებული სახლი აფეთქებას გადაურჩა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია  "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, აღნიშნული სახლი ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მომიჯნავე შენობებს და მაცხოვრებლებს.

"მაყაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. იტალიური ტიპის საცხოვრებელ ბინაში მისვლის შემდეგ, „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა აღმოაჩინეს გაზზე დაერთებული მოქნილი რეზინის მილი, რომლის ბოლოც კედელში იყო შეყოფილი, გაზი კი კედელში ჟონავდა. ადგილზე გამოძახებულმა თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის (114) სპეციალისტებმა უსაფრთხოების ყველა ზომა გაატარეს იმისათვის რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ ყოფილიყო. ბინა გაქირავებული იყო, ბინაში მცხოვრებლები კი აღნიშნულ მომენტში ქალაქიდან იყვნენ გასულები" ,- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №101 დადგენილებით (გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ) საცხოვრებელ სახლებში გაზის დანადგარების უსაფრთხო მოხმარებაზე პასუხისმგებელია ბინის მეპატრონე.

თბილისი ენერჯი მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, მაქსიმალურად დაიცვან სახლებში გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესები, რომ საფრთხე არ შეექმნათ ოჯახის წევრებსა და მეზობლებს. გარდა ამისა, მოუწოდებს მომხმარებლებს, არ მოიხმარონ კუსტარულად დამონტაჟებული ნებისმიერი ტიპის წყლის გამაცხელებელი (ე.წ. კალონკა) და გაზის გამათბობელი. ყველა დანადგარი უნდა იყოს სპეციალისტის მიერ შემოწმებული და დამონტაჟებული.