სოლოლაკში, ორი დასასვენებელი სივრცე მოეწყო
ამობეჭდვა · 04 / 06 / 2020 12:44
სოლოლაკში, ორი დასასვენებელი სივრცე მოეწყო

სოლოლაკში, ასათიანის ქ. N34-ში და ამაღლების ქ. N14-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია დასრულდა. მთაწმინდის რაიონის გამგეობამ არსებული სკვერები ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ახლებურად დააგეგმარა და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია შემოიღობა და ფილებით მოპირკეთდა. ასევე, შესრულდა გამწვანების სამუშაოები და სრულად განახლდა არსებული ინფრასტრუქტურა - ლამპიონები, სკამები და ურნები.

რეაბილიტირებული დასასვენებელი სივრცეები მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ დაათვალიერა.

„ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ, ადგილობრივი მოსახლეობის აზრი გავითვალისწინოთ და თითოეულ უბანში მსგავსი დასასვენებელი სივრცეები მოვაწყოთ. მაგალითად, ასათიანის ქ. N34-ში რამდენიმე თვის წინ ვიყავით მოსულები, მოსახლეობამ გვთხოვა სკვერის რეაბილიტაცია და რა თქმა უნდა, ეს სურვილი გავითვალისწინეთ. მთაწმინდის რაიონი განაშენიანების კუთხით, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული უბანია. ამიტომ, მოსახლეობისთვის კომფორტული და კეთილმოწყობილი მწვანე სივრცეების შექმნა გამგეობისთვის პრიორიტეტულია,“ -განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ასევე, ასათიანის ქ. N34-ში აპრილში ეზოში ამორტიზებული საფარი შეიცვალა.

სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 23 123 ლარი გამოიყო.