მორალურად განადგურებული ვარ, მაგრამ არ ვარ ისე ცუდად, რომ მივატოვო ჩემი შვილი – ნეკა დოროყაშვილი დუმილს არღვევს
ამობეჭდვა · 04 / 06 / 2020 18:56
მორალურად განადგურებული ვარ, მაგრამ არ ვარ ისე ცუდად, რომ მივატოვო ჩემი შვილი – ნეკა დოროყაშვილი დუმილს არღვევს

მორალურად განადგურებული ვარ, - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა "პრაიმტაიმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

წყვილს შორის მომხდარ სკანდალზე, მედიაში არაერთი ინფორმაცია გაჟღერდა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ ნეკა დოროყაშვილი მონასტერში წავიდა. თუმცა როგორც  ნეკა დოროყაშვილმა სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, ახლა მონასტერში არ არის.

"ეს ინტერვიუები რაც იწერება არის აბსურდული ტყუილები და ამ ტყუილების გამო, არ ვაპირებ ახლა თავი ვიმართლო.

გასაგებია რომ ხალხს აინტერესებს და მნიშვნელოვანია ყველა დეტალი, მაგრამ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ეს სენსიტიური თემაა.

მე არ ვარ თავისმართლების პოზიციაში და პასუხს ვერ გავცემ ხალხს, რომლებიც აბსურდულ ბრალდებებს მიყენებენ და განმიკითხავენ.

ამ ყველაფერმა, პირიქით უფრო გამაძლიერა, უფრო დიდი მოტიცავია მომცა, იმიტომ რომ დავიცვა ჩემი შვილი.

მორალურად განადგურებული ვარ, მაგრამ არ ვარ ისე ცუდად, რომ წავიდე მონასტერში და მივატოვო ჩემი შვილი. მე იმიტომ ვარ ჩუმად, რომ არ ვარ თავის მართლების პოზიციაში.

მოვა დრო როცა დაუსრულებლად ბევრს ვილაპარაკებ ამ თემაზე. აგრესიულები არიან ბოტები და მოსყიდული ექაუნთები, რომლებიც ფულს იღებენ ამაში და წერენ იმას, რასაც წერენ.

ყველა კითხვას პასუხი გაეცემა რაც ხალხს აინტერესებს.

ჩემს უკან ჩემი შვილი და მისი მომავალი დგას, არ მაქვს უფლება დავაზიანო მისი ფსიქიკა, მითუმეტეს ახლა, როცა ბავშვი ფსიქოლოგებთან დამყავს. არ არის კარგად.

თავზე ლაფის დასხმა, მიმართულია იმისკენ, განიკითხონ ქალი, დედა, ჩემი გვარიშვილობა და ღირსება. არავის მივცემ ამის უფლებას.

ქალისთვის ყველაზე მთავარია დედობა და არავის მივცემ უფლებას, გამნიკითხონ როგორც დედა და შეილახოს ჩემი ღირსება. ამიტომაც ვარ ახლა ჩუმად.

ვერ ვხვდები, რატომ ლახავენ ადამიანის, მითუმეტეს მსხვერპლის და ხუთი წლის ბავშვის უფლებებს, ეს რატომ უნდა მოგინდეს?! ", - აცხადებს დოროყაშვილი.