ინტერპოლი გიორგი რურუას ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ეძებდა
ამობეჭდვა · 04 / 06 / 2020 21:23
ინტერპოლი გიორგი რურუას ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ეძებდა

2000 წელს აშშ-დან გიორგი რურუას დეპორტაცია განხორციელდა. მას ინტერპოლი ეძებდა. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას „ქრონიკა“ ავრცელებს.

როგორც დოკუმენტებით ირკვევა, 2000 წლის 15 მაისს საქართველოში ინტერპოლის ბიურომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო შეტყობინება, რომ ჯორჯიის შტატში საემიგრაციო კანონის დარღვევისთვის დაკავებული იყო საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დავით კურცხალიას სახელზე გაცემული პასპორტი ჰქონდა. სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ დაკავებული არა კურცხალია, არამედ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი რურუა იყო.

„ქრონიკას“ გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბაია ცანავამ განუცხადა, რომ გიორგი რურუა იმ დროისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე.

„გიდასტურებთ, რომ გიორგი რურუას ექსტრადიციის მოთხოვნით 2000 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოებს. გიორგი რურუა იმ დროისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე. 2000 წლის 26 ივნისს გიორგი რურუა დეპორტირებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში შემდგომი სამართლებრივი პროცედურების აღსრულების მიზნით, - ამის შესახებ „ქრონიკას“ გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბაია ცანავამ განუცხადა.