ლაშა ტალახაძე: არც ერთი სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას არ ვაპირებ
ამობეჭდვა · 12 / 06 / 2020 17:45
ლაშა ტალახაძე: არც ერთი სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას არ ვაპირებ

ლაშა ტალახაძე საქართველოს დატოვებას და სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლას არ აპირებს. ოთხგზის ევროპის, ოთხგზის მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ საზოგადოებამ გუშინ, ერთ-ერთ რადიო გადაცემაში სტუმრობისას ნათქვამი მისი სიტყვები სხვანაირი ინტერპრეტაციით გაიგო.

26 წლის სპორტსმენი მთელი კარიერის განმავლობაში საქართველოს სახელით აპირებს გამოსვლას და უცხოეთში მხოლოდ აქტიური სპორტისთვის თავის დანებების შემდეგ, სხვადასხვა სახის სემინარების ჩატარებას გეგმავს.

მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისგან მას და სხვა ქართველ სპორტსმენებს ყურადღება არ აკლია და მისი პრეტენზიები არც ხელისუფლების და არც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებისკენ არ იყო მიმართული.

სპორტსმენი ამ საკითხს Facebook-ზეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მხოლოდ საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობაა მისაღები.

„ერთ-ერთ გადაცემაში ჩემმა ბოლო კომენტარმა როგორც ვხვდები დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამიტომ განმვარტავ, რომ არცერთი ქვეყნით სახელით ასპარეზობას არ ვაპირებ. როგორც იცით არაერთხელ მქონია სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის შემოთავაზება, თუმცა როგორც ხედავთ არსად წავსულვარ და ასე იქნება მომავალშიც. არასოდეს არც კი დავინტერესებულვარ რა თანხებზე იყო საუბარი და რას მთავაზობდნენ. ჩემთვს მხოლოდ საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობაა მისაღები და მხოლოდ ჩემი ჰიმნის აჟღერება.
რაც შეეხება კომენტარს, მე ვთქვი, რომ შესაძლოა ოდესმე სადმე წავიდე, ოღონდ ეს სპორტულ კარიერას არ ეხება. ამ ეტაპზე მხოლოდ ის მადარდებს თუ როდის შევძლებთ სრულოფასოვანი ვარჯიშის დაწყებას, რომ მომავალ ჩემპიონატებზე ჩვენი ჰიმნი კიდევ ერთხელ ავაჟღერო.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ ბოლო წლებში ძალოსნობა საქართველოში ბევრად განვითარდა, გვაქვს სავარჯიშოდ კარგი პირობები, სრულფასოვანი შეკრებები და ჩემი შრომა და რეკორდები სახელმწიფოს მხრიდან მიფასდება. თუ კარგად მოუსმენთ ჩემ საუბარს მიხვდებით რომ სხვას არაფერს ვამბობ .მადლობა პირიქით ყველა იმ ადამიანს ვინც სპორტის განვითარებისთვის ზრუნავს და შედეგცეზ ასახული ეს ყველაფერი და ზუსტად ამას ვსაუბრობ ჩემს ინტერვიუშიც“- წერს ლაშა ტალახაძე.