ჭავჭავაძის გამზირზე საგზაო სამუშაოები სრულდება
ამობეჭდვა · 17 / 06 / 2020 12:53
ჭავჭავაძის გამზირზე საგზაო სამუშაოები სრულდება

ჭავჭავაძის გამზირზე, ავალიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება. 

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საგზაო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.  

„ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის ბოლო ფენის დაგება დაიწყო და ვაკის პარკამდე დარჩენილი საგზაო მონაკვეთი 22 ივნისისთვის დასრულებული იქნება. პარალელურად, გრძელდება ტროტუარების მოწყობა და გამწვანების სამუშაოები. ბოლო ეტაპზე კი მოხდება საგზაო მონიშვნების დახაზვა. ასევე, შეიცვლება განათების ბოძები და დამონტაჟდება LED სანათები. გამზირზე ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლებია გამოყოფილი, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება. ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში გადაადგილების ყველაზე კომფორტული და პოპულარული საშუალება იყოს“, -  განაცხადა კახა კალაძემ. 

სარეაბილიტაციო არეალი 2.5 კილომეტრს მოიცავს. საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს. მოეწყო ბორდიური, ტროტუარი მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე ეწყობა ველობილიკიც.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შშმ პირთათვის გამზირის სრული ადაპტირება ხდება. გარე განათების ქსელი სრულად შეიცვალა, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ განთავსდა. ასევე, დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.