აბიტურიენტებს, შესაძლოა, ეროვნულ გამოცდებზე პირბადის გარეშე მუშაობის უფლება მისცენ
ამობეჭდვა · 24 / 06 / 2020 19:17
აბიტურიენტებს, შესაძლოა, ეროვნულ გამოცდებზე პირბადის გარეშე მუშაობის უფლება მისცენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შესაძლოა, აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე პირბადის გარეშე მუშაობის უფლება მიეცეს.

მისი თქმით, აღნიშნულ თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი რეკომენდაცია გავიარეთ და შენიშვნებიც მივიღეთ გარკვეულწილად. საზოგადოების მოლოდინი არაერთგვაროვანი იყო. პირბადე არის ბარიერი, ამ შემთხვევაში იქ, სადაც სხვაგვარი ბარიერის შექმნა შეუძლებელია, ვგულისხმობ პლასტიკატის, გამჭვირვალე ბარიერს, რომელიც იცით, რომ მაღაზიაში ან ავტობუსის მძღოლების შემთხვევაში შევქმენით.

განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მაგიდების ადაპტირება გააკეთა და შექმნა ბარიერით აღჭურვილი მაგიდები. ამდენად, იქ, სადაც უკვე უშუალოდ მუშაობას შეუდგება აბიტურიენტი და იქნება მის წინ ბარიერი, ახლა მიდის მსჯელობა იმაზე, რამდენად დასაშვები იქნება, რომ იქ იმუშაოს პირბადის გარეშე. ამ დღეებში ჩვენ გვექნება დაზუსტებული პასუხი ამასთან მიმართებაში.

ვენტილატორებთან და კონდიცირებასთან დაკავშირებით, ასევე ძალიან ბევრი დებატია გლობალურად და ჯერჯერობით, კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ, რასაც გამოცდების პროცესში ვაპირებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

1tv.ge