პატრიარქმა გიორგი შაქარშვილის ოჯახს სამძიმრის წერილი გაუგზავნა
ამობეჭდვა · 25 / 06 / 2020 21:53
პატრიარქმა გიორგი შაქარშვილის ოჯახს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მშობლებსა და ახლობლებს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცის სოციალურ ქსელში მამა ნა­ზარ ბა­სი­ლა­ია ავ­რცე­ლებს.

„ლევან და თამარ შაქარაშვილების ოჯახს და ახლობლებს

მწუხარებით შევიტყვეთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის ამ ქვეყნიდან წასვლის გამო და გვსურს თანადგომა გამოგიცხადოთ თქვენთვის განსაკუთრებულად მძიმე პერიოდში.

​თუმცა, სწორედ ახლა უნდა განამტკიცოთ რწმენა იმისა, რომ ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს და გიორგი ცოცხალია.

მისმა უკვდავმა, ნათელმა სულმა მარადიული ჭეშმარიტი სიცოცხლის კარიბჭე შეაღო და ამ წიაღის მკვიდრი​ გახდა.

ამიტომ გულისტკივილი მასთან მხოლოდ დროებით განშორების გამო უნდა გვქონდეს და შევძლოთ ლოცვითი ურთიერთობით მივუახლოვდეთ.

ჩვენის მხრივ აღვავლენთ ლოცვებს გიორგისთვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი. ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და მშვიდობა“, - ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.