არ ვიცი, სამი წინააღმდეგი ვინ იყო, მაინტერესებს, ვინ გაურიგდა ე.წ. ოპოზიციას, რომ ცვლილებები ჩაეგდო - გია ვოლსკი
ამობეჭდვა · 29 / 06 / 2020 15:11
არ ვიცი, სამი წინააღმდეგი ვინ იყო, მაინტერესებს, ვინ გაურიგდა ე.წ. ოპოზიციას, რომ ცვლილებები ჩაეგდო - გია ვოლსკი

არ ვიცი, სამი წინააღმდეგი ვინ იყო. მაინტერესებს, ვინ გაურიგდა ამ ე.წ. ოპოზიციას, რომ არ მიეცა ხმა, ჩაეგდო ეს ცვლილებები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვოლსკიმ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ისტორიული მოვლენა უწოდა და აღნიშნა, რომ გადადგმულმა ნაბიჯმა სიმშვიდე უნდა უზრუნველყოს.

„მთელი მცდელობა იყო, რომ როგორმე, თუ კი ჩავარდებოდა, რისი სურვილიც ჰქონდათ და გამოხატეს კიდევაც, რომ არ იქნებოდა მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება და დაგვემუქრნენ კიდევაც, რომ ნოემბრის კენჭისყრა არ გაიმეოროთო. ემოცია დიდია, ისტორიული მოვლენაა. რაც უნდა იყოს, ჩვენ გადავდგით ისეთი ნაბიჯი, რომელმაც სიმშვიდე უნდა მოიტანოს. პოლიტიკურ ველზე სიმშვიდე არ იქნება, რასაკვირველია. იქნება დებატები, მწვავე დაპირისპირება, მაგრამ ეს სამარცხვინო ქმედებები, დესტრუქცია, ალბათ უნდა დამთავრდეს და გადავიდეთ წინასაარჩევნო რეჟიმზე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინტენსიურად ცდილობდა, ოპოზიციური ფლანგის გარკვეული ნაწილიდან, რომ ეს არ შემდგარიყო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება კენჭისყრის პროცესში „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმას, ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი დესტრუქციის გაღრმავებას ცდილობს.

„დესტრუქციის მცდელობაც აღარ ჰქვია, მთელი ეს პოლიტიკა, რასაც აწარმოებს ჩვენი ვაი ოპოზიცია, არის დესტრუქციის მცდელობა და დესტრუქციის გაღრმავება. ხან აღწევენ გარკვეულ წარმატებას, ხან ვერა. მთავარია, იყო პირნათელი საზოგადოებისა და შენი ხალხის წინაშე. ამ ამოცანას ძალიან კარგად გავართვით თავი“,- აღნიშნა ვოლსკიმ.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.