სეზონურად დასაქმებულები 300 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ
ამობეჭდვა · 29 / 06 / 2020 15:31
სეზონურად დასაქმებულები 300 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულები 300 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ. ახალი გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ ევალებათ.

მათთვის საჭიროა, 15 ივლისამდე ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის პორტალზე დარეგისტრირდნენ, ხოლო საზღვრის კვეთის შესახებ დამადასტურებელ ინფორმაციას უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვს.

"ორი ტიპის კატეგორია განისაზღვრა. ერთია - ადამიანები, ვინც ყოველდღიურად კვეთენ საზღვარს და მუშაობდნენ თურქეთში, როდესაც საზღვარი ღია იყო. მეორე პირთა წრე არის განსაზღვრული - ე.წ. სეზონური მუშახელი, რომლებიც თურქეთში და სხვადასხვა ქვეყნებში სეზონურად დადიოდა.

2019 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით, თუ ადამიანებს უფიქსირდებათ 30-დან 120 დღემდე საზღვარგარეთ ყოფნა, ისინი ავტომატურად კვალიფიცირდებიან დახმარებისათვის,"- აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი თამილა ბარკალაია.