კრიმინალური ოპოზიციის დესტრუქციულმა ქმედებებმა ვერაფერი დააკლო დღევანდელი დღის უმნიშვნელოვანეს შედეგს - დავით მათიკაშვილი
ამობეჭდვა · 29 / 06 / 2020 15:52
კრიმინალური ოპოზიციის დესტრუქციულმა ქმედებებმა ვერაფერი დააკლო დღევანდელი დღის უმნიშვნელოვანეს შედეგს - დავით მათიკაშვილი

„კრიმინალური ოპოზიციის დესტრუქციულმა ქმედებებმა ვერაფერი დააკლო დღევანდელი დღის უმნიშვნელოვანეს შედეგს: საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ჩვენი ქვეყნისათვის უაღრესად პროგრესული საკონსტიტუციო ცვლილებები. დღეს, 117 ხმით 3 ის წინააღმდეგ "ქართულმა ოცნებამ", მულტიფრაქციულად, დამოუკიდებელი დეპუტატების და კონსტრუქციული ოპოზიციის მხარდაჭერით, მესამე მოსმენით მიიღო კონსტიტუციური კანონპროექტი, რითაც დაასრულა ფასილიტატორი ელჩების და ქართული საზოგადოების წინაშე დადებული 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება“,-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ფბ-ის საკუთარ გვერდზე.

დავით მათიკაშვილის თქმით, საბოლოოდ წერტილი დაესვა კრიმინალური ოპოზიციის სპეკულაციებს და საერთაშორისო დონეზე გაშიშვლდა ნაციონალური მოძრაობის რეალური, ანტიდასავლური სახე.

„საბოლოოდ წერტილი დაესვა კრიმინალური ოპოზიციის სპეკულაციებს და საერთაშორისო დონეზე გაშიშვლდა ნაციონალური მოძრაობის რეალური, ანტიდასავლური სახე, რომელმაც, არათუ დაარღვია 8 მარტის შეთანხმებით აღებული ვალდებულება და არ დაუჭირა მხარი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, არამედ იმდენი მოახერხა, რომ ამ ცვლილებების წინააღმდეგ პარლამენტთან საპროტესტო აქციას ორგანიზება მოახდინა, ხოლო ჩვენი ქვეყნის ერთგულ მეგობარს, გერმანიის, ელჩს ბატონ ჰუბერტ ქნირშს შეურაცხყოფაც კი მიაყენა“.

ამ უპასუხისმგებლო ფაქტისთვის ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ნაცკლასტერის ლიდერებმა დღეს გაამწვავეს ანტიდასავლური რიტორიკა და გერმანიის ელჩს კვლავ დასდეს ბრალი საკითხისადმი მიკერძოებულ დამოკიდებულებაში“,-წერს დავით მათიკაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამ მნიშნელოვან მოვლენას ულოცავს საზოგადოებას და მადლობას უხდის პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის.

„ვულოცავ სრულიად საქართველოს, ჩვენს საზოგადოებას ამ მნიშვნელოვან მოვლენას. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს კოლეგა დეპუტატს, ვინც გამოიჩინა მაღალი პასუხისმგებლობა და ბოლომდე გაიაზრა საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფოსთვის. და, რა თქმა უნდა განსაკუთრებული მადლობა ფასილიტატორ ელჩებს, საქართველოს ყველა მეგობარს და სტრატეგიულ პარტნიორს იმ უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რაც მათ შეიტანეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის წარმატებით დასრულებისთვის!“,-წერს დავით მათიკაშვილი ფბ-ის საკუთარ გვერდზე.