დავით ზალკალიანი: ვროკავშირის მიმართულებით ივლისში 14 ავიარეისია დანიშნული
ამობეჭდვა · 30 / 06 / 2020 15:03
დავით ზალკალიანი: ვროკავშირის მიმართულებით ივლისში 14 ავიარეისია დანიშნული

მინდა გამოვეხმაურო სპეკულაციებსა და მანიპულაციებს ოპონენტების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, საქართველომ ყველა მიმართულებით გააუქმა ფრენა და არანაირი კავშირი ევროკავშირთან არ არსებობს, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არის მოლოდინის რეჟიმი იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც ოფიციალურად დღეს ან ხვალ უნდა გამოცხადდეს და ფრენებთან დაკავშირებით დამატებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება.

„ფრენები ხორციელდება. ივლისის თვეში თუ არ ვცდები, 14 ფრენაა დანიშნული ევროკავშირის მიმართულებით. ეს არის: ვენა, ამსტერდამი, ბერლინი. საქართველო არავითარ შემთხვევაში არ არის მოწყვეტილი ევროკავშირთან. იცით, რომ ჩვენ სპეციალური რეისები განვახორციელეთ და 14 ათასამდე ჩვენი მოქალაქე დავაბრუნეთ, ასევე ადგილზე დახმარების კუთხით 22 ათასზე მეტ ჩვენ მოქალაქეს გავუწიეთ დახმარება. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის თქმა, რომ კავშირი სრულად არის გაწყვეტილი. ამიტომ რეგულარული ფრენების აღდგენის გახანგრძლივების გადაწყვეტილება იყო სრულ თანხვედრასა და კორდინაციაში ჩვენ ევროპელ კოლეგებთან. დღესაც მუდმივ კავშირში ვართ მათთან და არანაირი დამაზიანებელი ეფექტი ევროკავშირის მომავალ გადაწყვეტილებაზე, გახსნას სივრცე საქართველოსთვის, ამას არ ექნება. სხვა შემთხვევაში არ მივიღებდით ასეთ გადაწყვეტილებას, რომ არ ყოფილიყო ეს შეთანხმებული ევროკავშირთან. ბუნებრივია, ჩვენ ვერ გავასწრებდით მათ გადაწყვეტილების მიღებაში, ამიტომ ველით იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ოფიციალურად დღეს ან ხვალ უნდა გამოცხადდეს და შესაბამისად სხვა ფრენებთან დაკავშირებით დამატებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ სხვა ავიაკომპანიებთან და ბუნებრივია, ეს იქნება სრულ თანხვედრაში იმ მოთხოვნებთან, რა კრიტერიუმებიც იქნება ევროკავშირის მხრიდან - განაცხადა დავით ზალკალიანმა.