საქართველოს ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური - გიორგი გახარია
ამობეჭდვა · 30 / 06 / 2020 21:25
საქართველოს ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური - გიორგი გახარია

გიორგი გახარია ევროკავშირის მიერ საქართველოსთან საზღვრის გახსნას გამოეხმაურა. შესაბამის განცხადება პრემიერ-მინისტრის Facebook-ზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური, მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება იმ წარმატების, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხალხს და ხელისუფლებას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. ახლა უკვე, ჩვენ უშუალოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან განვაგრძობთ აქტიურ კონსულტაციებს, რათა ევროკავშირის მხრიდან გამოქვეყნებული ამ დოკუმენტის შესაბამისად, კოორდინირებულად, ეტაპობრივად და შეთანხმებულად შევძლოთ მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა. საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით, მადლობას ვუხდი ევროკავშირს აღიარებისთვის, ნდობისთვის და სტრატეგიული პარტნიორობისთვის“, - წერს გახარია.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა იმ ქვეყნების სია შეათანხმეს, რომლებთანაც საზღვრებს გახსნიან. ჩამონათვალში საქართველოცაა. სიამ, რომელშიც 15 ქვეყანა მოხვდა, საკმარისი ხმები დააგროვა და ოფიციალურად პირველ ივლისს გამოცხადდება. საქართველოსთან ერთად, სიაში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ: ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, სერბეთი, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, რუანდა, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (საპირისპირო მხარის დადასტურების შემთხვევაში).