საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადავარდნილი ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ამობეჭდვა · 04 / 07 / 2020 17:02
საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადავარდნილი ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადავარდნილი სამი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 

"პირველ არხთან" საუბარში, ციციშვილის საავადმყოფოს ექიმმა, ნინო უმეკაშვილმა განაცხადა, რომ ბავშვი რჩება მართვით სუნთქვაზე.

„ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, აქვს ქალაფუძის, სახის ძვლების მრავლობითი და ზემო კიდურის მოტეხილობა, უკიდურესად მძიმე და არასტაბილურად რჩება. დღეს დილით პაციენტთან ჩატარდა ნეიროქირურგიული ჩარევა, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმედ“, – განაცხადა ექიმმა.

თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან სამი წლის ბავშვი გუშინ გადავარდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.