გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჩასულ სომხეთის მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა
ამობეჭდვა · 09 / 07 / 2020 13:55
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჩასულ სომხეთის მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა

სომხეთის მოქალაქეს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ატმის შესაძენად ჩავიდა, კორონავირუსზე დადებითი პასუხი დაუდგინდა. ინფორმაციას გურჯაანის საზოგადოებრივ ცენტრში ადასტურებენ. მას COVID-19-ზე თავდაპირველად ნიმუში საზღვარზე შემოსვლის მომენტშიც აუღეს, თუმცა მაშინ ტესტმა ვირუსი არ დაადასტურა.

უცხო ქვეყნის მოქალაქის ადგილსამყოფელს სპეციალისტებმა გუშინვე დროულად მიაკვლიეს. ის გადაყვანილია ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც ამ წუთებში მკურნალობის კურსს გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ეპიდემიოლოგები ახლა კონტაქტების დადგენას ცდილობენ. მათი განმარტებით, ეს არის იმპორტირებული შემთხვევა და წყაროს დადგენა ფაქტობრივად, შეუძლებელია.

საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსი 968 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 844 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.