სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2020 19:40
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვარზე ინციდენტი მოხდა. ინფორმაციას ორივე ქვეყნის ოფიციალური პირები ადასტურებენ.

როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ავტომობილით სცადეს, სომხური მხარისგან მიღებული გაფრთხილების შემდეგ კი თავის პოზიციებს დაუბრუნდნენ. თუმცა 1 საათის შემდეგ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და სომხური პუნქტის დაკავება სცადეს. უწყებაში აცხადებენ, რომ შეტევის მოგერიება საპასუხო ცეცხლის გახსნით შეძლეს. ამასთან, სომხურ მხარეს არც დაშავებულები და არც დაღუპულები ჰყავს.

ბაქოში კი აცხადებენ, რომ ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ მსხვერპლი ორივე მხარეს არის და აზუსტებენ, რომ ინციდენტის შედეგად 2 აზერბაიჯანელი სამხედრო გარდაიცვალა, 5 კი დაიჭრა.