პროკურატურის ინიციატივით, საგამოძიებო უწყებებში სისხლის სამართლის საქმისწარმოების ახალი ელექტრონული სისტემა დაინერგა
ამობეჭდვა · 15 / 07 / 2020 10:50
პროკურატურის ინიციატივით, საგამოძიებო უწყებებში სისხლის სამართლის საქმისწარმოების ახალი ელექტრონული სისტემა დაინერგა

სისხლის სამართლის საქმისწარმოების ახალი ელექტრონული სისტემის ქვეყნის მასშტაბით დანერგვა წარმატებით დასრულდა. პროგრამა, რომელიც საქართველოს პროკურატურის დაკვეთით და სსიპ „სმართ ლოჯიქის“ პროგრამული მხარდაჭერით შემუშავდა, სისხლის სამართლის საქმისწარმოების სფეროში დანერგილი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და დაცული ელექტრონული პროდუქტია, რომლითაც პროკურატურის ყველა სტრუქტურული ერთეული და საქართველოში არსებული ყველა საგამოძიებო უწყება სარგებლობს.
პროექტის ახალ ვერსიაში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, რომლის მეშვეობითაც გამომძიებლებს და პროკურორებს საშუალება ეძლევათ სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ელექტრონულად განახორციელონ, რაც ხელს უწყობს საპროკურორო საქმიანობისა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის ეფექტიან უზრუნველყოფას.
ამას გარდა, სისხლის სამართლის სამართალწარმოების ახალი სისტემა უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, უმოკლეს დროში სტანდარტებთან შესაბამისი მეთოდოლოგიითა და სიზუსტის მაღალი ხარისხით, ელექტრონულად დამუშავდეს მოცულობითი სტატისტიკური მონაცემები. სამართლებრივი თვალსაზრისით, აღნიშნული პროგრამის კოორდინაციასა და მისი სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადებას საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს.
ახალი ელექტრონული სისტემა გასული წლის 1-ლი ოქტომბრიდან ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურასა და ამავე რაიონის პოლიციის დანაყოფებში პილოტურად ამოქმედდა. აღნიშნული პროცესი პროკურატურის სისტემაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის პოლიტიკის ერთ-ერთ საკვანძო კომპონენტს წარმოადგენს, რაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებასა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის მხარდაჭერას.